ნარკოდანაშაული

სპეცოპერაცია ფონიჭალაში - ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციისას, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი, ძმები ჯაფაროვები დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.

დაკავებულების ოჯახის წევრების მტკიცებით, ბრალდება უსაფუძვლოა და სამართალდამცველებმა მათ ნარკოტიკები ჩაუდეს. 

“ვიყავით სახლში, უცებ შემოვარდნენ პოლიციელები, ოჯახის წევრები გაგვყარეს სახლიდან, არ მოგვცეს სახლში შესვლის უფლება, დალეწეს ყველაფერი და შემდეგ გაურკვეველ ნივთიერებაზე გვითხრეს, რომ ნაპოვნია ნარკოტიკული საშუალება. ეს არ არის სიმართლე" - ამბობს ინტერპრესნიუსთან საუბარში დაკავებულების ძმა სამრატ ჯაფაროვი და აღნიშნავს, რომ მათ სახლში ნარკოტიკული საშუალება არ ინახებოდა.

"მათ ამის განმარტების საშუალება არ მოგვცეს და დააკავეს ჩემი ორი ძმა. არასდროს არც ერთ მათგანს პოლიციასთან პრობლემები არ ჰქონია. ნებისმიერ მეზობელს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ყოველთვის პატიოსნად ვცხოვრობდით. მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, გაათავისუფლონ ჩემი ძმები და ჩატარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომ დადგინდეს სიმართლე. მე ასევე ვფიქრობ, რომ შეიძლება, ჩემი ძმების დაკავება უკავშირდებოდეს ჩვენსა და ერთ მეზობელს შორის კონფლიქტს. ის გვთხოვდა სახლის დანგრევას, რასაც არ ვთანხმებოდით და შეიძლება, ის ამ მეთოდით შეეცადა სიტუაციის შემობრუნებას. არ გამოვრიცხავ, რომ ის იყოს პოლიციელებთან დაახლოებული ადამიანი”, – თქვა ჯაფაროვმა ინტერპრესნიუსთან.

კომენტარები