დაკავებული ჟურნალისტი

ჟურნალისტი და აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ახალგორში ოკუპანტებმა დააკავეს

თამარ მეარაყიშვილი
Facebook/ Tamara Mearakishvili

ნეტგაზეთის ინფორმაციით ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი და ნეტგაზეთის ფრილანსერი ჟურნალისტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა დააკავეს. 

ნეტგაზეთის ცნობით, მეარაყიშვილის დაკავება მის საქმიანობას უკავშირდება. ჟურნალისტის შვილი გამოცემასთან საუბრისას ამბობს, რომ დედის დაკავება ახალგორში, მათივე სახლთან ახლოს მოხდა, როცა თამარ მეარაყიშვილი თბილისიდან შინ ბრუნდებოდა. შვილის ინფორმაციით, მათ დაკავების ორდენი არ წარუდგენიათ და არც ის უთქვამთ, რატომ აკავებდნენ. 

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მარიონეტული რეჟიმის სამართალდამცავებმა მეარაყიშვილი 31 ივლისს დაკითხეს. მეარაყიშვილი ამბობდა, რომ მას არა საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვებს უსვამდნენ, არამედ ცდილობდნენ, დაეშინებინათ. 

"გამომძიებელმა მკითხა, რატომ არ ვთხოვდები? ვინ მარჩენს? მაქვს თუ არა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები? როდის დავასრულებ გამოცემა "ეხო კავკაზასთან" თანამშრომლობას? ვუთხარი, რომ იქ ბრალდებასთან დაკავშირებული საკითხის გამო ვიყავი და მსგავს კითხვებზე არ ვუპასუხებდი, რაზეც გამომძიებელი კიდევ უფრო გაღიზიანდა და შეურაცხყოფაზე და ყვირილზე გადმოვიდა".

საბოლოოდ, მეარაყიშვილმა ახალგორის პროკურატურა ჩვენების გარეშე დატოვა.

2017 წლის 8 ივნისს ჟურნალისტი დაკითხვისა თუ დაშინების მიზნით ახალგორიდან ოკუპირებულ ცხინვალში გაიტაცეს. საერთაშორისო მხარეების ჩართულობამ შედეგი გამოიღო და ის ისევ საკუთარ სახლში დააბრუნეს. თამარ მეარაყიშვილის გატაცების საკითხი ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დროსაც განიხილეს. 

მეარაყიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდსა და "ეხო კავკაზასთან" რესპონდენტის სტატუსით ხშირად წერდა და საუბრობდა რაიონის პრობლემებზე, მათ შორის მარიონეტ ხელმძღვანელ პირთა ქმედებებზე. 

კომენტარები