სასკოლო განათლება

ჯეჯელავა: I-VI კლასელები საგნებს თამაშებით შეისწავლიან, გამოცხადდება ტენდერი

კომერსანტი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას სკოლებში ვაშლების დარიგების იდეის შემდეგ ახალი ინიციატივა აქვს. ჯეჯელავას თქმით, ახალი სასწავლო წლიდან I-VI კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საგნები თამაშებით უნდა შეისწავლონ, თამაშების შესაძენად კი სამინისტრო ტენდერს გამოაცხადებს. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინფორმაციით, მის ახალ ინიციატივას თავდაპირველად საპილოტე სახე ექნება და მხოლოდ 20-მდე სკოლას შეეხება. 

ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ბავშვები არ განიხილავენ თამაშებს, როგორც გაკვეთილებსა და დავალებს და სწორედ ამიტომ, ამ ინიციატივას "კარგი შედეგი" მოყვება. 

"სამაგიდო თამაშებში შევა ყველანაირი თამაში, დაწყებული ასოებისგან სიტყვების შედგენა, ლიტერატურული ნაწარმოებების შესწავლა და ისტორიული მოვლენების თამაშით სწავლა. თამაშ-თამაშით ისწავლიან მოსწავლეები მათემატიკას, ლიტერატურას და ა.შ ისწავლიან გუნდურობას. ეს თამაშები ასევე ავითარებს სწრაფი აზროვნების უნარს. სამაგიდო თამაშებში არ ვგულისხმობ სპორტულ-განაჯანსაღებელ თამაშებს. ვფიქრობთ, რომ მარტო საშინაო დავალებით ვერ მივაღწევთ განათლების იმ დონეს, რაც გვჭირდება," - აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა. 

რამდენიმე დღის წინ მინისტრი სკოლებში კვირაში ერთხელ ვაშლის დარიგების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, ვაშლის დარიგების კამპანია ახალი სასწავლო წლიდან, თბილისის იმ სკოლებში დაიწყება, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტის ორგანიზება რთული იქნება.

"მეორე მხრივ, ამ საკითხში რთული და ძვირი არაფერს დაგვაკლებს. ამ პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი. ვაშლი არის ძალიან ჯანსაღი პროდუქტი," - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ ცნობით.

კომენტარები