კალაძე მწვანე ნარგავების მოჭრის ფაქტზე: ეკოლოგია ჩემი პრიორიტეტი იქნება

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ჭავჭავაძის 82-ში მწვანე ნარგავების მოჭრის ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, ბიზნესის განვითარება ხეების ჩეხვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

"მინდა გამოვეხმაურო ჭავჭავაძის 82-ში მწვანე ნარგავების მოჭრის ფაქტს, რაც ყოვლად დაუშვებელია. ჩვენმა ხელისუფლებამ ბიზნესი გაათავისუფლა პოლიტიკური წნეხისგან, რაც არ ნიშნავს, რომ ბიზნესის განვითარება ხეების ჩეხვის, ქალაქის დასახიჩრებისა და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე უნდა ხდებოდეს. თბილისის მერიამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად. დღევანდელი ფაქტი აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოების კითხვებს. მომხდარი ცხადყოფს, რომ საჭიროა გამკაცრდეს და დაიხვეწოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, რათა ჩვენი ქალაქი რეალურად იყოს დაცული მსგავსი ფაქტებისგან", -წერს კალაძე Facebook-ზე.

კალაძის თქმით, ეკოლოგია მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

"ცხადია, არ ვართ შენებისა და განვითარების წინააღმდეგი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არ უნდა მოხდეს ბუნების განადგურების ხარჯზე. ეკოლოგია ჩემი და ჩემი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ჩვენ - თვითმმართველობამ, საზოგადოებამ, ერთად უნდა შევცვალოთ არსებული რეალობა თბილისის ეკოლოგიის გასაუმჯობესებლად და მოქალაქეების საკეთილდღეოდ", - წერს ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი.

კომენტარები