ვენესუელა

ქვეყანა, სადაც ბენზინი ერთი ცენტი ღირს, აფთიაქები კი ცარიელია


ფოტო: Reuters

ვენესუელაში უმძიმესი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კრიზისია. ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ საკანონმდებლო უფლებები ჩამოართვა ქვეყნის პარლამენტს და ის მისი მხარდამჭერებით დაკომპლექტებულ "საკონსტიტუციო ასამბლეას" გადასცა. 

უფლებების ჩამორთმევას ქვეყნის პარლამენტი ეწინააღმდეგება და მას უკანონოს უწოდებს. ამავდროულად, დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო აქციები გრძელდება. მოსახლეობა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და რეჟიმის შეცვლას მოითხოვს. გაზაფხულიდან დღემდე საპროტესტო აქციებს 143 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

30 ივლისს ვენესუელაში ნაციონალური დამფუძნებელთა კრების არჩევნები გაიმართა. არჩევნებში გამარჯვება მმართველმა გუნდმა საპროტესტო აქციების ფონზე მოიპოვა. არჩევნების დღეს ვენესუელაში 11 ადამიანი მოკლეს.

ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება. მაღაზიებში დახლები ცარიელია, დეფიციტურია რიგი დასახელების პროდუქტები, მათ შორის მედიკამენტებიც. 

ვენესუელურმა ბოლივარმა 2016 წელს 800%-იანი ინფლაცია განიცადა, 2017 წლის პროგნოზი კი დაახლოებით 1600%-ია. ვენესუელაში უკვე წლებია მთელ რიგ სამომხმარებლო პროდუქტებზე, როგორიცაა რძე, ხორცი, კვერცხი, დეფიციტი შეინიშნება. სამომხმარებლო საქონლის დეფიციტის მიზეზი საკანონმდებლო და არასაკანონმდებლო ბარიერებია, რომელთა გამოც ქვეყნის კერძო სექტორი ბაზარს სათანადო რაოდენობის პროდუქციით ვერ ამარაგებს.

ამის მიუხედავად კი ქვეყანა კვლავ ინარჩუნებს ბენზინზე სუბსიდიას. მსოფლიოში ყველაზე იაფი ნავთობი ვენესუელაშია, სადაც ერთი ლიტრი ბენზინის ყიდვა 1 ცენტად არის შესაძლებელი. 1998 წელს ვენესუელის სოციალისტურმა მთავრობამ საწვავზე სუბსიდია შემოიღო, მასზე ყოველწლიურად ნავთობის ექსპორტისგან მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი იხარჯება. 

CNN-ის ცნობით, ქვეყანაში ნავთობის მოპოვება 1989 წლის შემდეგ ასეთი შემცირებული არ ყოფილა (გარდა 2002 წლისა, როდესაც შემცირება მასობრივმა გაფიცვამ გამოიწვია). OPEC-ის მონაცემებით 2017 წლის პირველ ნახევარში ვენესუელამ წინა წელთან შედარებით 12%-ით ნაკლები ნავთობი გაყიდა.

ნავთობზე ვენესუელის ექსპორტის 95%-ზე მეტი მოდის. ნავთობის რეალიზაციით მიღებული თანხა სახელმწიფო კომპანიებიდან ბიუჯეტსა და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებში ხვდება. 2011 წელს ვენესუელას საერთაშორისო რეზერვები $30 მილიარდი იყო, ახლა კი ქვეყანამ უკანასკნელი $10 მილიარდის ხარჯვა დაიწყო. ეს ბოლო 22 წლის მინიმალური მაჩვენებელია.

ქვეყანას 2017 წლის მანძილზე $5 მილიარდი დოლარის საერთაშორისო კრედიტები აქვს დასაფარი, რაც მას დეფოლტის რისკის ქვეშ აყენებს. ამავდროულად, საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო S&P ქვეყნისთვის საკრედიტო რეიტინგის შემცირებას გეგმავს, რაც ქვეყნისთვის კრედიტის მოზიდვას კიდევ უფრო გააძვირებს.

ვენესუელა დღეში დაახლოებით 1.9 მილიონ ბარელ ნავთბს მოიპოვებს, თუმცა ქვეყანა ნავთობის მოპოვების ამ მაჩვენებლით სათანადო მოგებას ვერ იღებს, რადგანაც ის საგარეო ვალის მომსახურებისთვის 0.7-0.8 მილიონ ბარელ ნავთობს სრულიად უფასოდ აწვდის მის მთავარ კრედიტრებს რუსეთსა და ჩინეთს. ამავდროულად, ქვეყანა კვლავ ინარჩუნებს შიდა მოხმარების ნავთობზე სუბსიდიებს.

ვენესუელა ნავთობის ახალ საბადოებსაც ვერ ითვისებს, რადგანაც ქვეყანას სათანადო ტექნიკური საშუალებები არ გააჩნია, ამ სერვისის წამყვან მიმწოდებლებთან (Baker Hughes, Halliburton და სხვა) კი ქვეყანას მრავალმილიონიანი გადაუხდელი დავალიანებები აქვს.

კომენტარები