პრემიერი: რუსეთმა მზადყოფნა გამოთქვა, უბრალოდ, არ გახდა საჭირო ეს დახმარება

გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რუსეთმა მზადყოფნა გამოთქვა, ბორჯომის ხეობაში სახანძრო სამუშაოებში ჩაერთოს. თუმცა, პრემიერმა აღნიშნა, რომ "ეს დახმარება საჭირო არ გახდა". გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველომ დახმარება მიიღო აზერბაიჯანისგან, თურქეთისგან და სომხეთისგან. 

"რაც შეეხება რუსეთს, ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა დავიცვათ სტიქიისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვიხილოთ აბსოლუტურად ყველა ვერსია და ვარიანტი. ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უბრალოდ, ამ დახმარების პირობებში, არ გახდა საჭირო ეს დახმარება, ამიტომ ჩვენ ამ ძალებით ამას ყველაფერს ავუვალთ. აჟიოტაჟის საფუძველი არ არის, მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ ის იქნება დაცული ცეცხლისგან" - თქვა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაცის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ტაბულასთან საუბარში ასევე უარყოფს რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში დახმარებისთვის ქართულმა მხარემ რუსულ მხარეს მიმართა. 

ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბორჯომში 950 ჰექტარი ტყის მასივი რუსულმა მხარემ გადაწვა. 

ბორჯომში ხანძარი კვირას გაჩნდა. გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია ხანძრის ლოკალიზების შესახებ, თუმცა ღამით ხანძარი გაძლიერდა და ახალი ტერიტორიები მოიცვა. ხანძარის ფართობი 12 ჰექტარია. 

ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული. პრემიერმინისტრის ინფორმაციით, დღის მანძილზე თურქეთიდან ორი ვერტმფრენი და ერთი დიდი სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვა, ასევე, გზაშია სომხეთის სახანძრო ეკიპაჟები.

კომენტარები