ჰომოფობია

ბერიანიძე: პოლიციამ განყოფილებაში ჰომოფობიის გამო ჩვენზე იძალადა

0 კომენტარი
ფოტო: Facebook/ Equality Movement/ თანასწორობის მოძრაობა

გუშინ გვიან ღამით ბათუმში დაკავებული თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ბერიანიძისა და მოძრაობის წევრის თორნიკე კუსიანის ადვოკატი სალომე ღოღობერიძე ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ ორივე მათგანი ნაცემია.

ღოღობერიძე ამბობს, რომ ბერიანიძეს დაზიანებები ფიზიკურად ეტყობა, "გადაყვლეფილი აქვს ცხვირი, სახე, ხელები და ფეხები". მისივე თქმით, კუსიანს გარეგნულად ძალადობის კვალი არ ეტყობა, თუმცა თავად ამბობს, რომ მთელი სხეული ტკივა. 

დაკავებულები ადვოკატთან საუბრისას ყვებიან, რომ ისინი გუშინ გვიან ღამით ბათუმში ბულვარში, ერთერთ კლუბში იმყოფებოდნენ. მოულოდნელად უცნობმა პირებმა მათთვის შეურაცხყოფის მიყენება დაიწყეს. კუსიანი ყვება, რომ ის სიტუაციას დროებით განერიდა და მოშორებით დადგა, ცოტა ხანში კი ხმაური მოესმა. ადგილზე მისულმა აღმოაჩინა, რომ მის მეგობარ ტრანსგენდერ ქალს კისრიდან სისხლი მოდიოდა. კუსიანის თქმით, მან პოლიციაში დარეკვა გადაწყვიტა, რა დროსაც იქვე მდგომმა პოლიციელმა ხელი გადაუგრიხა და დარეკვის საშუალება არ მისცა. 

ბერიანიძე ადვოკატს უყვვება, რომ პოლიცია იქ იდგა და არაფერს აკეთებდა ძალადობის აღმოსაფხვრელად. როცა უცნობი მამაკაცები მათ ცემას მორჩნენ, პოლიციამ ისინი დააკავა.  

ბერიანიძის თქმითვე, როცა მანქანით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავდათ, პოლიციელები მათ ფიზიკურსა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათ დამამცირებელი ტერმინებით მიმართავდნენ. ბათუმის მე-6 განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ კი, ღოღობერიძის თქმით, პოლიციელებმა მათ "გაშიშვლება, ჩახდა და წაკუზვა" მოსთხოვეს. 

მისი თქმით, იგივე განმეორდა მაშინაც, როცა სამედიცინო დახმარება ითხოვეს. თანასწორობის მოძრაობის დირექტორი ადვოკატს უყვება, რომ ექთანმა მათი დაზიანებები ბლანკზე არასრულად აღნიშნა და მხოლოდ "ნაკაწრებად" მოიხსენია. 

ლევან ბერიანიძესა და თორნიკე კუსიანს ბრალი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ამჟამად დაკავებულებთან საია-ს ადვოკატი და სახალხო დამცველის წარმომადგენლები ცდილობენ შესვლას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. 

"თუ დაზიანება ჰქონდათ, მანამდე ჩხუბობდნენ, მაგრამ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება არ ყოფილა,"- გვითხრეს პრესსამსახურში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

აკაკი გოგიჩაიშვილი

კომენტარები