შსს

შსს:ბერიანიძე და კუსიანი არ დაემორჩილნენ პოლიციას და მათ წინააღმდეგობა გაუწიეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ბერიანიძისა და მოძრაობის წევრის თორნიკე კუსიანის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, 25 აგვისტოს, გამთენიისას, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ ბულვარში,  კლუბ „სოჰოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელი პირები  ერთმანეთს  ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. უწყების ცნობით, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ. 2 მოქალაქე, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, დაეცვათ წესრიგი, სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც პოლიციელებმა 1990 წელს დაბადებული ლ.ბ. და 1989 წელს დაბადებული თ.კ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სამართალდამცველებისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც განაგრძობდნენ.

განცხადებაში წერია, რომ ალკოტესტით შემოწმების შედეგად, ლ.ბ.-ს და თ.კ.-ს ალკოჰოლური თრობა დაუდგინდათ.

პოლიციის განყოფილებაში ლ.ბ.-მ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ კლუბ „სოჰოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დამნაშავის ამოცნობა შეეძლო. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

ერთ-ერთი დაკავებულის, ლევან ბერიანიძის თქმით, პოლიციამ მასზე და თორნიკე კუსიანზე განყოფილებაში ჰომოფობიის გამო იძალადა. ამ ფაქტის შესახებ შსს განცხადებაში წერს, რომ "რაც შეეხება, აღნიშნული პირების მხრიდან პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ პრეტენზიას, საკითხს უკვე სწავლობს შსს-ს გენერალური ინსპეცია." 

კომენტარები