ჰომოფობია

შსს: ბერიანიძისა და კუსიანის პრეტენზიას გენერალური ინსპექცია სწავლობს

0 კომენტარი
ფოტო: ქეთა გაბუნია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ბერიანიძისა და მოძრაობის წევრის თორნიკე კუსიანის დაკავების საქმეზე გამოძიება დაიწყო. დაკავებულთა ადვოკატი სალომე ღოღობერიძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ორივე მათგანი ნაცემია.

ღოღობერიძე ამბობს, რომ ბერიანიძეს დაზიანებები ფიზიკურად ეტყობა, "გადაყვლეფილი აქვს ცხვირი, სახე, ხელები და ფეხები".  

დაკავებულები ადვოკატთან საუბრისას ყვებიან, რომ ისინი გუშინ გვიან ღამით ბათუმში ბულვარში, ერთერთ კლუბში იმყოფებოდნენ. მოულოდნელად უცნობმა პირებმა მათთვის შეურაცხყოფის მიყენება დაიწყეს. კუსიანი ყვება, რომ ის სიტუაციას დროებით განერიდა და მოშორებით დადგა, ცოტა ხანში კი ხმაური მოესმა. ადგილზე მისულმა აღმოაჩინა, რომ მის მეგობარ ტრანსგენდერ ქალს კისრიდან სისხლი მოდიოდა. კუსიანის თქმით, მან პოლიციაში დარეკვა გადაწყვიტა, რა დროსაც იქვე მდგომმა პოლიციელმა ხელი გადაუგრიხა და დარეკვის საშუალება არ მისცა. 

ბერიანიძე ადვოკატს უყვვება, რომ პოლიცია იქ იდგა და არაფერს აკეთებდა ძალადობის აღმოსაფხვრელად. როცა უცნობი მამაკაცები მათ ცემას მორჩნენ, პოლიციამ ისინი დააკავა.  

ბერიანიძის თქმითვე, როცა მანქანით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავდათ, პოლიციელები მათ ფიზიკურსა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათ დამამცირებელი ტერმინებით მიმართავდნენ. 

განსხვავებული პოზიცია აქვთ პოლიციელებს, მათი თქმით, ბერიანიძე და კუსიანი არ დაემორჩილნენ პოლიციას და მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.

"ბათუმის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ კლუბ „სოჰოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელი პირები ერთმანეთს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. უწყების ცნობით, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ. 2 მოქალაქე, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, დაეცვათ წესრიგი, სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც პოლიციელებმა 1990 წელს დაბადებული ლ.ბ. და 1989 წელს დაბადებული თ.კ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სამართალდამცველებისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც განაგრძობდნენ",- ამბობენ უწყებაში. 

სამინისტროს ინფორმაციით ბერიანიძისა და კუსიანის პრეტენზიებს ახლა გენერალური ინსპექცია სწავლობს. გენინსპექცია შსს-ში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევისა და სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების საქმეებს სწავლობს. ინსპექცია პოლიციელთა საქმიანობის შიდაუწყებრივი მაკონტროლებელი ორგანოა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები