სტრასბურგის სასამართლო

ვარძელაშვილი სტრასბურგის მოსამართლეობის შესარჩევი კომისიის აცილებას მოითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი სტრასბურგის მოსამართლეობის შესარჩევი სამთავრობო კომისიის აცილებას მოითხოვს. შესაბამისი განცხადებით ვარძელაშვილმა კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანსა და კომისიის სხვა წევრებს უკვე მიმართა.

ვარძელაშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისია, რომელიც უკვე მესამედ უნდა შეიკრიბოს სტრასბურგის მოსამართლოების კანდიდატების შესარჩევად მიკერძოებულია, რისი დამამტკიცებელი განცხადებებიც სამთავრობო კომისიის წევრებს არაერთხელ აქვთ გაკეთებული. ვარძელაშვილი ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ აუცილებელია შეიცვალოს ამ კომისიის დაკომპლექტების წესი. კომისიის მომდევნო სხდომა 26 აგვისტოსაა დაგეგმილი.

კონსტანტინე ვარძელაშვილის განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, ვმონაწილეობ კონკურსში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კონკურსი მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ ჩატარდეს, არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები, ხოლო კანდიდატები შერჩეული იქნენ სამართლიანი და თანასწორი კონკურენციის პირობებში. კონკურსი არამხოლოდ უნდა ჩატარდეს სამართლიანად, არამედ ასეთად უნდა აღიქმებოდეს საზოგადოებისა და კონკურსში მონაწილეების მიერ.

სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ წინა ორმა კონკურსმა არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა, რაზეც კომისიაში შემავალი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიუთითებდნენ და რაც მათი მხრიდან კომისიაში მონაწილეობაზე უარის თქმის საფუძველიც გახდა. სახალხო დამცველისა და კომისიის სხვა დამოუკიდებელი წევრების მიერ ასევე ეჭვქვეშ იქნა დაყენებული კომისიის სახელისუფლებო წევრების ობიექტურობა, გაკეთებული იქნა არაერთი განცხადება სამთავრობო კომისიის დაკომპლექტების და შეფასების წესის შეცვლის აუცილებლობის შესახებ.

ვიზიარებ "კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მიერ გაკეთებულ შეფასებებს და მიმაჩნია, რომ აუცილებელია კომისიის დაკომპლექტების და მისი საქმიანობის წესის შეცვლა. შესაბამისი ცვლილებებისა განხორციელებისა და სამთავრობო კომისიაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე კითხვის ქვეშ დგება კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების სანდოობის ხარისხი. ხოლო უსამართლო და საეჭვო პროცედურებით ჩატარებულმა კონკურსმა არამხოლოდ კომისიის წევრების, არამედ შერჩეული კანდიდატების საქმიან რეპუტაციასაც შესაძლოა მიაყენოს ჩრდილი.

უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსი ამჟამადაც ხარვეზებით მიმდინარეობს. საბუთების წარდგენისთვის განკუთვნილი ვადის ამოწურვის (2017 წ. 24 სექტემბრის 00.00 საათი) შემდეგ, რამდენიმე საათში გამოქვეყნდა გასაუბრებისთვის შერჩეული კანდიდატების სია. ხოლო შერჩეულ კანდიდატებს 24 საათზე ნაკლები დრო მიეცათ გასაუბრებაზე გამოცხადებისთვის. ყოველივე ეს აჩენს ეჭვს, რომ კონკურსი ფორმალურად მიმდინარეობს.

სექტორის წარმომადგენლები და კონკურსში მონაწილეების მიერ მიუთითებდნენ ხარვეზებზე, რომელთა გამოსწორება აუცილებელია. მათ შორის არის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი. კომისიის დებულებით არ არის განსაზღვრული კომისიის წევრების აცილების (ან თვითაცილების) საფუძვლები და პროცედურა, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის არაერთ წევრსა და კონკურსანტს შორის ინტერესთან კონფლიქტი არსებობს.

ჩამოგითვლით ინტერესთან კონფლიქტის რამდენიმე მაგალითს. კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, მონაწილეობას იღებდა მისი ყოფილი მოადგილის შეფასებაში; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, მონაწილეობდა საკუთარი კოლეგების (საქართველოს ელჩების) შეფასებაში; საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრები ასევე მონაწილეობდნენ მათი კოლეგების (უზენაესი სასამართლოს წევრის და იუსტიციის საბჭოს წევრის) შეფასებაში.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ კომისიის თავმჯდომარემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა, კომისიის წევრმა - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, არაერთხელ საჯაროდ გამოხატეს ნეგატიური დამოკიდებულება პირადად ჩემს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ იმ გადაწყვეტილებების გამო, რომელიც ბოლო წლებში, ჩემი მონაწილეობით იქნა მიღებული. ყოველივე ეს მაძლევს საფუძველს ჩავთვალო, რომ კომისიის წევრების ნაწილი ვერ მიიღებს ობიექტურ, პოლიტიკურად მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით.

ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი სამთავრობო კომისიის წევრების მიმართ, თუმცა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვთვლი, რომ კომისიის მოცემული შემადგენლობა ვერ შეძლებს სათანადოდ შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, მათი ნაწილი ასევე ვერ შეძლებს შეინარჩუნოს ობიექტურობა.

ასევე მივმართავ შუამდგომლობით კომისიის თავმჯდომარეს, ქალბატონ თეა წულუკიანს, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს, ბატონ შალვა თადუმაძეს და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ სოფიო კილაძეს არ მიიღონ მონაწილება ჩემი ან საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა ყოფილი, თუ მოქმედი წევრების შეფასების პროცესში და მათ ნაცვლად დანიშნული იქნენ კომისიის სათადარიგო წევრები", - წერია ვარძელაშვილის განცხადებაში.

კომენტარები