რუსეთ-საქართველო

საგარეო: აბაშიძე-კარასინის საუბრის შემდეგ, რუსეთს დახმარებაზე ნოტა გავუგზავნეთ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ რუსეთს ნოტა შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გაუგზავნეს. საგარეო უწყების განცხადებით, "ბორჯომის ხეობაში ხანძრის სტიქიის მასშტაბები და შექმნილი უაღრესად კრიტიკული ვითარება მოითხოვდა ოპერატიულ და ეფექტურ ქმედებებს, ასევე, შესაბამისი ტექნიკის მოძიებას". სამინისტროს განმარტებით, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში დახმარებისთვის მიემართა სხვა სახელმწიფოებისათვის. 

"ასევე, მოხდა მოძიება ყველა საჭირო ტექნიკის, რომლის გამოყენებაც არსებულ მოცემულობაში შესაძლებელს გახდიდა ეფექტურ რეაგირებას. მათ შორის იყო ტექნიკა, რომელსაც ფლობს რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის, რომლის დროსაც რუსეთის მხრიდან გამოიხატა მზაობა დახმარების ისეთი ტექნიკით, რომელიც გართულების შემთხვევაში შესაძლებელს გახდიდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტურ წარმოებას. 

ამის შემდგომ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის მხარეს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, რაც არის შესაბამისი ფორმალობის და პროცედურის ნაწილი. თუმცა მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან დახმარების აუცილებლობა დღის წესრიგში აღარ დადგა" - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ საგანგებო ვითარების დროს, სამაშველო სამსახურების ურთიერთობა მიღებული პრაქტიკაა. 

ცნობისთვის, 22 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაცის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ტაბულასთან საუბრისას საქართველოს მხრიდან რუსეთისათვის დახმარების თხოვნის ფაქტი უარყო. 

მოგვიანებით, პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა თქვა, რომ რუსეთმა ქართულ მხარეს თავად შესთავაზა დახმარება. 

ამის შემდეგ, განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო უწყებამ, რომლის მიხედვითაც, დახმარება ქართულმა მხარემ ითხოვა. 

კომენტარები