ახალი კონსტიტუცია

ჯანი ბუკიკიო: ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო იმედგაცრუებული ვარ

0 კომენტარი
ჯანი ბუკიკიო ფოტო: OC Media

ჯანი ბუკიკიო იმედგაცრუებულია, რომ კონსტიტუციაზე მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა.

"კონსენსუსის მიღწევის კიდევ ერთი მცდელობა კონსტიტუციასთან დაკავშირებით წარუმატებელი აღმოჩნდა. იმედგაცრუებული ვარ".

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინაც გაავრცელა. ბუკიკიომ მმართველ გუნდს დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა, ამასთან, გააუქმა 6 სექტემბერს სტრასბურგში ჩანიშნული შეხვედრა, რომელსაც საქართველოდან როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიცია უნდა დასწრებოდა. ვენეციის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ქართულმა პარტიებმა თავად გამართონ შემდგომი მოლაპარაკებები და ამ პროცესში ვენეციის კომისიის ჩართულობა საჭირო არ არის.

მმართველი გუნდი საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის კენჭისყრას სექტემბრის ბოლოსთვის გეგმავს. კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ უჭერს - მათ შენიშვნები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით აქვთ. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისთვის მიუღებელია, რომ იკრძალება პარტიების ბლოკებად გაერთიანება, საარჩევნო ბარიერი კი კვლავ 5% იქნება. მიუღებელია გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული ვარიანტიც. ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის ასევე მიუღებელია პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის წესი, როდესაც პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ხმოსნისგან შემდგარი კომისია აირჩევს.

ამ ეტაპზე მთავარ პრობლემად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა რჩება, რომლის გაუქმებაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იგეგმებოდა. თუმცა მმართველმა გუნდმა, მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიამ კონსტიტუციის პროექტზე დასკვნა მოამზადა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დრო 2024 წლამდე გადაწია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები