აშშ-რუსეთი

პუტინი: ტრამპი არ არის ჩემი საცოლე, რომ მისით იმედგაცრუებული ვიყო

ვლადიმერ პუტინი და დოლანდ ტრამპი
AFP/SAUL LOEB

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის კრიტიკისგან თავი შეიკავა. ბრიქსის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვას, იმედგაცრუებულია თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტით, უპასუხა, რომ დასმული კითხვა გულუბრყვილოა.

"ის არ არის ჩემი საცოლე და მე არ ვარ საქმრო, რომ მისით იმედგაცრუებული ვიყო", - თქვა პუტინმა. 

მედიის კიდევ ერთ კითხვას - როგორ იგრძნობს თავს რუსეთი, თუ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი მოხდება, პუტინმა თქვა, რომ აბსოლუტურად არასწორი იქნება, თუ რუსეთი ამერიკის საშინაო პოლიტიკის განხილვას დაიწყებს. 

გასული წლის ნოემბერში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას რუსი პოლიტიკოსების მხრიდან დადებითი რეაქცია მოჰყვა. ვლადიმერ პუტინმა ტრამპი შეაფასა პიროვნებად, რომელსაც რუსეთთან კავშირების გაუმჯობესება სურდა. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებმა რუსეთის მიმართ, ასევე ამერიკის გადაწყვეტილებამ რუსეთში საკონსულოების მუშაობის შეჩერების შესახებ, გაზარდა ალბათობა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კვლავ არცთუ მეგობრული დარჩება.  

ბრიქსის (BRICS) სამიტი ჩინეთში გუშინ დაიწყო. წლევანდელი სამიტის ლოზუნგია "მჭიდრო თანამშრომლობა ნათელი მომავლისთვის. ბრისქი 5 ქვეყანას: ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას აერთიანებს. ამ ქვეყნების გაერთიანების ინიციატორი რუსეთი იყო, როგორც განვითარებადი, მაგრამ დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ერთობა. ხუთივე ქვეყანა დიდი ოცეულის წევრია. ბრიქსის სამიტი პირველად 2009 წელს ჩატარდა. 

კომენტარები