აზერბაიჯანი

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია

Getty Images

საქსტატმა დღეს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ წლის მეორე კვარტალში ინვესტიციები 14.3%-ით შემცირდა და ის $346 მილიონს შეადგენს. 2017 წლის პირველ შვიდ თვეში კი ინვესტიციებმა $751 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია.

ქვეყნების მიხედვით ინვესტიციებში აზერბაიჯანი ლიდერობს, რაც ქვეყანაში მიმდინარე ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის, შაჰ-დენიზის მილსადენის მშენებლობას უკავშირდება. პროექტის ფარგლებში 2013-2019 წლებში საქართველოში ერთ მილიარდამდე მოცულობის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი. პროექტს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია სოკარი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

2017 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი:

  • აზერბაიჯანი - $224 მილიონი, კლება წინა წელთან 20%
  • თურქეთი - $120 მილიონი, ზრდა წინა წელთან 35%
  • დიდი ბრიტანეთი - $112 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%
  • ნიდერლანდები - $63 მილიონი, ზრდა წინა წელთან 178%
  • აშშ - $29.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 15%
  • პანამა - $29 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1%
  • ჩინეთი - $17.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1325%
  • დანარჩენი ქვეყნები - $150 მილიონი, კლება წინა წელთან 33%

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში მოხვდა ოფშორული ზონაც (პანამა), ქართული ბიზნესები ოფშორებს ხშირად რეინვესტირებისთვის იყენებენ. მსხვილი ქართული კომპანიების ნაწილი (ბორჯომი, აზოტი და სხვა) ევროკავშირის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული, შესაბამისად მათი ბრუნვის ნაწილი ინვესტიციებად აღიქმება. რეინვესტიციების დონემ 2017 წლის პირველ ნახევარში $355 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც აღნიშნულ პერიოდში მთლიანი უცხოური ინვესტიციების 47% იყო.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საინვესტიციოდ ყველაზე მეტი მიმზიდველობით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა გამოირჩევა, აქ წლის პირველ ნახევარში $271 მილიონი ჩაიდო. $125 მილიონით შემდეგ ადგილზე სამშენებლო სექტორია.

აღნიშნულ პერიოდში ენერგეტიკაში $25.9 მილიონის ინვესტიცია ჩაიდო, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 63%-ით ნაკლებია.

 

კომენტარები