გენდერული კვოტირება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გენდერულ კვოტირებას მხარი დაუჭირა

ქალთა მოძრაობა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გენდერული კვოტირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა - 8 მომხრე, 1 წინააღმდეგი. წინააღმდეგ ხმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ მისცა. მისი თქმით, საარჩევნო კოდექით არანაირი კვოტირება არ უნდა არსებობდეს.

"მე ამ ინიციატივას მხარს არ ვუჭერ. ეს პოზიცია მქონდა აქამდეც და არც სესიაზე და არც კომიტეტის სხდომაზე მხარს არ დავუჭერ. წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი სახის კვოტირების, მათ შორის ამ კვოტირებისაც. არ მინდა ეს საერთო კონსენსუსი და შეთანხმება დიდად დაგირღვიოთ, უბრალოდ, პოზიციას ვაფიქსირებ, რომ მე მგონია, რომ არანაირი კვოტირება საარჩევნო კოდექსით, არც ქალების და არც რაიმე სხვა ნიშნით, არ უნდა არსებობდეს. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია", - აღნიშნა ფოფხაძემ.

საკანონმდებლო ცვლილების მხარდამჭერები საკომიტეტო განხილვაზე სპეციალური დრესკოდით, ჰალსტუხებითა და პიჯაკებით მივიდნენ. როგორც ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელმა განაცხადა, ამის მიზეზი არის ის, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკას მხოლოდ კაცის სახე აქვს. ბაია პატარაიამ კომიტეტის სხდომაზე კვოტირების მხარდაჭერის მიზეზებიც განმარტა.

"დღეს საქართველოში პოლიტიკას აქვს კაცის სახე და ეს ჰალსტუხები ჩვენ სილამაზისთვის არ გვიკეთია. 85% პარლამენტში კაცები არიან, 89% ადგილობრივ თვითმმართველობაში კაცები არიან, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მერობაზე თუ ვისაუბრებთ, 100%-ით კაცები არინ და როდესაც ახლა თვალს ვადევნებთ კანდიდატების წაყენებას, აქაც ვხედავთ, რომ დიდი გარღვევა წინ ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ, არ მაქვს მე იმის იმედი, რომ ბუნებრივად ეს მალე გამოსწორდება. სწორედ ამიტომ, ჩვენც ვუჭერთ კვოტებს მხარს. რომ იყოს ჩვენი პოლიტიკური კულტურა მართლაც მერიტოკრატიული, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ქალებს არავისგან არანაირი დახმარება არ სჭირდებათ იმისთვის, რომ იყვნენ წარმატებულები, განათლებულები, კომპეტენტურები. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ ქმნის ამინდს, სადაც მხოლოდ კომპეტენციებით წყდება ეს საკითხი. სამწუხაროდ, წყდება სხვანაირად და სწორედ ეს რეალობა გვიბიძგებს იმისკენ, რომ კანონით დავარეგულიროთ ეს მდგომარეობა", - განაცხადა პატარაიამ.

იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს პარლამენტი მხარს დაუჭერს, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შევა ცვლილებები, რომლის მიხედვით პარტიული სიის ყოველი მეორე წევრი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს.

"საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პარტიული სიების წარდგენისას პარტიებს დაევალოთ დაიცვან სქესთა ბალანსი, ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე წარადგინონ განსხვავებული სქესის კანდიდატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას უბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას. გარდა ამისა, პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი", - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

კომენტარები