არჩევნები გერმანიაში

რა უნდა იცოდეთ გერმანიაში მოახლოებული ფედერალური არჩევნების შესახებ

0 კომენტარი
ფოტო: The Atlantic

როდის ტარდება და რატომ არის მნიშვნელოვანი

24 სექტემბერს გერმანიაში არჩევნები გაიმართება. არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანია არა მარტო გერმანიისთვის. ევროპის კონტინენტზე ყველაზე დიდი ეკონომიკის და მეტი მოსახლეობის მქონე ქვეყანას დიდი გავლენა აქვს ევროკავშირის პოლიტიკაზე. 2019 წელს დიდი ბრიტანეთის ორგანიზაციიდან გასვლის შემდეგ ეს გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად იმ ძალას, რომელიც გერმანიის ხელისუფლებაში მოვა, დიდი გავლენა ექნება ევროკავშირის ეკონომიკის და უსაფრთხოების პოლიტიკასა და ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე.

საარჩევნო სისტემა

გერმანიაში არჩევნები შერეული პროპორციული სისტემით ტარდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ამომრჩეველს ექნება ორი საარჩევნო ბიულეტენი. ერთით ხმას მისცემს ოლქის კანდიდატს, ხოლო მეორეთი - პოლიტიკურ პარტიას. ოლქში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს ხმების უმეტესობას. ამგვარად აირჩევა 299 დეპუტატი. სულ მცირე 299 დეპუტატი აირჩევა პროპორციული სისტემით. პროპორციული მანდატები ნაწილდება იმ პარტიებზე, ვინც მინიმუმ 3 ოლქი მოიგო ან ვისმა სიამაც ხმების 5%ზე მეტი დააგროვა. თუ პარტიის მიერ ოლქებში გაყვანილი დეპუტატების ოდენობა მეტია, ვიდრე ამ პარტიის პროპორციული შედეგი, მაშინ სხვა პარტიები კომპენსაციის სახით დამატებით მანდატებს მიიღებენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბუნდესტაგში ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული ხმების პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპის დარღვევა. ამის შედეგად ბუნდესტაგის წევრთა რიცხვი არჩევნებიდან არჩევნებამდე მუდმივად იცვლება.

სოციოლოგიური კვლევის შედეგებიდან გამომდინარე საეჭვოა რომ რომელიმე პარტიამ მოახერხოს უმრავლესობის მოპოვება. შესაბამისად არჩევნების შემდეგ დაიწყება კოალიციების ჩამოყალიბების პროცესი. პარტია, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებს (ბოლო მონაცემებით ეს მერკელის ქრისტიან დემოკრატიული პარტია იქნება) მოალაპარაკებებს დაიწყებს დანარჩენ პარტიებთან მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

პარტიები და კანცლერობის კანდიდატები

ქრისტიან დემოკრატიული კავშირი (CDU) და ბავარიული ქრისტიან სოციალური კავშირი (CSU)

ლიბერალ კონსერვატიული პარტია რომელსაც ამჟამად ბუნდესტაგში 309 ადგილი უკავია. უკანასკნელი გამოკითხვებით პარტიას ამომრჩეველთა 37% უჭერს მხარს.

კანცლერობის კანდიდატი - ანგელა მერკელი

ანგელა მერკელი ფოტო: Tobias Schwarz AFP Getty Images

პროგნოზების მიხედვით კანცლერი კვლავ 62 წლის ანგელა მერკელი გახდება. ის ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი ლიდერია და კანცლერის პოსტი 2005 წლიდან მოყოლებული უჭირავს. ხელახლა არჩევის შემთხვევაში ეს მისი მეოთხე ვადა იქნება და გაუთანაბრდება ჰელმუტ კოლს. დღემდე მერკელის რეიტინგი ქვეყანაში საკმაოდ მაღალია და ბოლო გამოკითხვით 59%-ს შეადგენს. ზოგიერთი მოსაზრებით ამჟამად ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენს.

ქრისტიან დემოკრატები ემხრობიან ნატოს მოთხოვნების მიხედვით 2024 წლამდე თავდაცვის ბიუჯეტის ქვეყნის მშპ-ს 2%მდე გაზრდას, თუმცა მოცემულ სიტუაციაში ნატოს გაფართოების წინააღმდეგი არიან. პარტიის ლიდერის, ანგელა მერკელის განცხადებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტამდე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ უნდა მოიხსნას.

პარტიის კონსერვატიული შეხედულების წევრები ეწინააღმდეგებიან ნორდსტრიმის ახალ პროექტს, რომელიც რუსეთიდან დამატებით ბუნებრივ აირს მიაწოდებს გერმანიას. ბრექსითთან დაკავშირებით მერკელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას გერმანია დაიცავს თავისი ინდუსტრიების ინტერესებს და რომ იმ ქვეყნებმა, ვინც ტოვებენ ევროკავშირს აღარ უნდა ისარგებლონ მისი უპირატესობებით.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, პარტია მას კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს, თუმცა არ ერიდება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გაკრიტიკებასაც. დონალდ ტრამპის მიერ ნატოს წევრი ქვეყნების მისამართით გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ მერკელმა თქვა რომ „დრო, როდესაც შეგვეძლო სხვებს დავყრრდნობოდით, გარკვეული ხარისხით, დასრულდა.“ ცხადია, „სხვებში“ მერკელი ამერიკის შეერთებულ შტატებს გულისხმობდა. 

რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, ქრისტიან დემოკრატები ემხრობიან გადასახადების შემცირებას, განსაკუთრებით შეღავათების დაწესებას ახალბედა ოჯახებისათვის. ასევე მხარს უჭერენ წიაღისეულის, კერძოდ ქვანახშირის ჩანაცვლებას განახლებადი ენერგიით და იმ რეგიონებისათვის, რომლებზეც ეს ცვლილება ყველაზე მეტად მოახდენს გავლენას ეკონომიკური ალტერნატივების შექმნას. თუმცა ამ პოლიტიკის განსახორციელებლად კონკრეტულ ვადებს არ ასახელებენ. პარტიის ერთ-ერთ გეგმას წარმოადგენს სავალუტო ფონდის შექმნა ევროზონის ქვეყნებისათვის, რომელიც კრიზისების შემთხვევაში მათ საშუალებას მისცემს მოახდინონ რეაგიება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩარევის გარეშე. მიგრანტებთან დაკავშირებით ქრისტიან დემოკრატებს სურთ ისეთივე შეთანხმების მიღწევა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებთან, როგორიც შედგა 2016 წელს თურქეთთან, რაც გულისხმობს ამ ქვეყნებში მიგრანტებისათვის თავშესაფრებისა და ცენტრების შექმნას, სადაც მოხდება ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა პალიკაციების გადახედვა. შედეგად ისინი პროცესის გავლამდე ევროპის ტერიტორიაზე არ მოხვდებიან.

სოციალ დემოკრატიული პარტია (SPD)

გერმანიის ყველაზე ძველი პოლიტიკური პარტია. მემერცხენე ცენტირისტულ პარტიას ამჟამად 193 ადგილი უკავია ბუნდესტაგში. ბოლო გამოკითხვებით მათ ამომრჩეველთა 23%-ის მხარდაჭერა აქვთ.

კანცლერობის კანდიდატი- მარტინ შულცი

მარტინ შულცი ფოტო: AFP / Getty Images

61 წლის მარტინ შულცი ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტია. მან პოლიტიკური კარიერის დიდი ნაწილი სწორედ ბრიუსელში ევროკავშირის საკითხებზე მუშაობაში გაატარა. შულცს სურს გაზარდოს გადასახადები მაღალი შემოსავლის მქონე პირებისათვის და შეუმციროს გადასახადები საშუალო შემოსავლის მქონეებს. მას სურს ბიუჯეტის ზედმეტობა გამოიყენოს ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციებისათვის. მას სურს რომ ამერიკამ გაიტანოს ატომური იარაღი გერმანიიდან. ზოგიერთი მას გერმანელ ბერნი სანდერსს უწოდებს.

სოციალ დემოკრატები განსხვავებულ საგარეო პოლიტიკას ემხრობიან. პარტიის ლიდერი აკრიტიკებს დონალდ ტრამპს და მის პოლიტიკას მერყევს და ახირებულს უწოდებს. პარტია ემხრობა აღმოსავლური პოლიტიკის (Ostpolitik) გატარებას, რაც გულისხმობს რუსეთთან დაახლოებას იმ რწმენით, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირი დააახლოვებს ოფიციალურ მოსკოვს ევროპასთან და დადებითად აისახება ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიმართულებაზე. შესაბამისად პარტია მხარს უჭერს ნორდსტრიმის პროექტს და სანქციების მოხსნას. პარტიის წარმომადგენელმა და ამჟამად გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა ბრიგიტა ციპრისმა ევროკავშირს მოუწოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთისათვის ახალი სანქციების საპასუხოდ ზომების მიიღონ.

რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, სოციალ დემოკრატები ეწინააღმდეგებიან თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ს 2%-მდე გაზრდას, მათ სურთ საშემოსავლო გადასახადის ზედა განაკვეთის 42-დან 45%-მდე გაზრდა და ასევე ქვანახშირის, როგორც ქვეყნის ენერგიის ერთ-ერთი წამყვანი წყაროს ეტაპობრივი ჩანაცვლება და ამასთანავე ინდუსტრიული ტრადიციების შენარჩუნება განახლებადი ენერგიის სფეროში. ისინი არ იზიარებენ ქრისტიან დემოკრატების გეგმას მიგრანტებთან დაკავშირებით და მიაჩნიათ, რომ აპლიკაციების გადახედვა გერმანიის ტერიტორიაზე უნდა მოხდეს.

თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP)

ლიბერალური პარტია რომელიც ამჟამად არ არის წარმოდგენილი ბუნდესტაგში. ბოლო მონაცემებით მას ამომრჩეველთა 9% უჭერს მხარს.

კანცლერობის კანდიდატი - კრისტიან ლინდნერი

კრისტიან ლინდნერი ფოტო: The Economist

პარტიის წევრია 1995 წლიდან. 2009 წლიდან ბუნდესტაგის წევრი. მუშაობდა მიგრანტების ინტეგრაციის და კულტურის საკითხებზე.

მიუხედავად იმისა, რომ პარტია ემხრობა რუსეთისადმი დაწესებული სანქციების დატოვებას, პარტიის ლიდერმა, კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად ყირიმის ანექსია უნდა მივიღოთ როგორც „დროებითი შეთანხმება“. მისი აზრით ეს პუტინს მისცემს საშუალებას შეცვალოს პოლიტიკა სახის დაკარგვის გარეშე.

პარტიას სურს შემოიღოს ცვლილებები ევროზონაში, რაც საშუალებას მისცემს ქვეყნებს დატოვონ ევროზონა ევროკავშირის წევრობის დაკარგვის გარეშე. გარდა ამისა ისინი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა, რომლებიც უარს იტყვიან მიიღონ მათზე დაკისრებული მოვალეობით განსაზღვრული მიგრანტების რაოდენობა უნდა გადაიხადონ თანხა, რომელიც წავა იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომელთაც მიიღეს მიგრანტები. ასევე სურთ ჯილდოს სახით ისეთ ქვეყნებს, რომლებმაც დიდი რაოდენობით მიგრანტი მიიღეს, მაგალითად ლიბანს და იორდანიას, უშუამდგომლონ ევროკავშირთან ეკონომიკური გარიგებების მიღებაში. საშინაო პოლიტიკაში მათ სურთ თავდაცვაზე ხარჯვის გაზრდა. ასევე თვლიან, რომ ქვანახშირის ჩანაცვლება პროგნოზირებად ვადებში შეუძლებელია, განახლებადი ენერგიის სფეროში სახელმწიფოს მხრიდან წახალისება არ არის აუცილებელი და ამას თავისუფალი ბაზარი განსაზღვრავს.

მწვანეთა პარტია

წარსულში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პარტიას ამჟამად ბუდნესტაგში 63 წარმომადგენელი ჰყავს. გამოკითხვების მიხედვით მათ ამომრჩეველთა მხოლოდ 8% უჭერს მხარს.

კანცლერობის კანდიდატები

კატრინ გერინგ ეკარდი და ჩემ ოზდემირი ფოტო: DW

კატრინ გერინგ ეკარდი - ბუნდესტაგის წევრი 1998 წლიდან. 1989 წელს დააარსა აღმოსავლეთ გერმანიის პოლიტიკური ჯგუფი „დემოკრატიული გამოღვიძება“ ხოლო 1990 წელს სამოქალაქო მოძრაობა „დემოკრატია ახლა“. მუშაობდა ოჯახის და ქალთა საკითხებზე. არის გერმანიის ევანგელისტური ეკლესიის მეთერთმეტე სინოდის წევრი.

ჩემ ოზდემირი - თურქი მიგრანტების შვილი. ბუნდესტაგის წევრია 2013 წლიდან. ასევე იყო წევრი 1994-2002 წლებში თუმცა თანამდებობის პირადი მიზნებისთვის გამოყენების ბრალდების შემდეგ დატოვა პარლამენტი. მუშაობდა გერმანიის მოქალაქეობის შესახებ კანონის რეფორმაზე.

მწვანეთა პარტია ყურადღებას ამახვილებს გერმანიის ისტორიულ პასუხისმგებლობაზე (ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო) უკრაინის წინაშე და მოუწოდებს ბუნდესტაგს მხარი დაუჭიროს დემოკრატიის განვითარებას უკრაინაში.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ჩემ ოზდემირმა სომხეთში ვიზიტის შემდეგ დაწერა რომ „რაც უფრო უახლოვდება ერევანი პუტინის რუსეთს, მით უფრო ნაკლებია მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ლგბტ პირების თავისუფლება. ხალხს სურს ღია საზოგადოება.“ პარტია ეწინააღმდეგება ნორდსტრიმის პროექტს და მხარს უჭერს რუსეთზე დაწესებული სანქციების დატოვებას. ბრექსითთან მიმართებაში მათი პოზიცია შემდეგია: მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის დარჩენილი 27 წევრის ინტერესებს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი და არა ბრიტანეთის მოთხოვნებს. საშინაო პოლიტიკაში ისინი ემხრობიან გადასახადების გაზრდას მაღალი შემოსავლების მქონე პირებისათვის, სამხედრო ხარჯების ზრდის ნაცვლად გერმანიის მეტ ჩართულობას გაეროს სამშვიდობო მისიებში, ღია საზღვრის პოლიტიკის დაბრუნებას შენგენის ზნოსიათვის და 2030 წლამდე ქვანახშირზე მთლიანად უარის თქმას და განახლებად ენერგიაზე გადასვლას.

მემარცხენეები (Die Linke)

მემარცხენე პოპულისტური პარტია რომელსაც ამჟამად ბუნდესტაგში 64 წარმომადგენელი ჰყავს. გამოკითხვების მიხედვით მათ ამომრჩეველთა 9% უჭერს მხარს.

კანცლერობის კანდიდატები

ზარა ვაგენკნეჰტი და დიტმარ ბარტჩი ფოტო: Spiegel

ზარა ვაგენკნეჰტი - ეკონომისტი, ბუნდესტაგის წევრი 2009 წლიდან. მისი აზრით მემარცხენეთა პარტია უნდა მიჰყვეს რადიკალურ და ანტიკაპიტალისტურ მიზნებს. აკრიტიკებდა მემარცხენეების მინაწილეობას სამთავრობო კოალიციებში. მიგრანტების რაოდენობის შეზღუდვის მოწოდებით გამოსვლის გამო მას 2016 წელს ანტი-ფაშისტური ჯგუფის წევრმა სახეში შოკოლადის ნამცხვარი ესროლა.

დიტმარ ბარტჩი - ბუნდესტაგის წევრი. ყოფილი დემოკრატიული სოციალიზმის პარტიის წევრი. მუშაობდა ბიუჯეტის და ფინანსების საკითხებზე.

მემარცხენეთა პარტია რუსეთთან დაახლოების პოლიტიკის მომხრეა. ისინი ამას კარგ მეზობლობას უწოდებენ და თვლიან, რომ ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ ერთმანეთის ინტერესები და გაზარდონ თანამშრომლობა. პარტიის ლიდერებმა ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს თვითგამოცხადებულ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“. ამასთანავე მემარცხენეების ერთ-ერთი წევრი, ანდრეას მაურერი იყო პირველი გერმანიელი პოლიტიკოსი, რომელმაც ყირიმი რუსეთის კანონიერ საკუთრებად სცნო.

პარტია ემხრობა რუსეთზე დაკისრებული სანქციების მოხსნას და ნატოს გაფართოების შეწყვეტას. მათი აზრით ალიანსი უნდა ჩაანაცვლოს უსაფრთხოების შეთანხმებამ, რომელიც მოიცავს როგორც ევროპის ქვეყნებს, ასევე რუსეთსაც. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატებისადმი დამოკიდებულებას, პარტიას სურს დაიხუროს ამერიკის სამხედრო ბაზები გერმანიაში და ქვეყნის ტერიტორიიდან ამერიკული ატომური იარაღი გაიტანონ. პარტიის ლიდერის, ზარა ვაგენკნეჰტის აზრით რუსეთი არ ჩარეულა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში და ტრამპმა იმიტომ გაიმარჯვა, რომ ხალხს მობეზრდა კორუმპირებული პოლიტიკოსები.

საშინაო პოლიტიკის კუთხით პარტია ემხრობა მაღალი შემოსავლის მქონე პირებისათვის გადასახადების გაზრდას, კერძოდ მათთვის, ვისი წლიური შემოსავალი 1 მილიონ ევროს აღემატება 75%-იანი საშემოსავლო გადასახადის დაწესებას. ასევე თვლიან, რომ თავდაცვის ხარჯები უნდა შემცირდეს, ხოლო ქვეყანაში მყოფ ყველა მიგრანტს უნდა მიეცეს დარჩენის უფლება.

ალტერნატივა გერმანიისათვის (AfD)

2013 წელს შექმნილი უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალისტური იდეოლოგიის პარტია ფედერალურ არჩევნებში მეორედ იღებს მონაწილეობას. 2013 წელს მათ მხოლოდ 0,3% დააკლდათ 5%-იანი ბარიერის გადასალახავად და შესაბამისად ამჟამად ბუნდესტაგში არ არიან წარმოდგენილნი. ბოლო მონაცემებით მათ ამომრჩეველთა 10%ის მხარდაჭრა აქვთ.

კანცლერობის კანდიდატები

ალის ვეიდელი და ალექსანდერ გაულანდი ფოტო: The Independent

ალის ვეიდელი - ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, მუშაობდა Goldman Sacks-ში. პარტიის წევრი გახდა 2013 წელს. 2017 წელს გამოვიდა პოლიტკორექტულობის წინააღმდეგ და თქვა რომ ეს „ისტორიის სანაგვეს“ ეკუთვნის. საპასუხოდ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში მას „ნაცისტი კახპა“ უწოდეს. ვეიდელის სარჩელი გადაცემის წინააღმდეგ სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ალექსანდერ გაულანდი - იურისტი, პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მანამდე იყო ქრისტიან დემოკრატების წევრი, თუმცა მიიჩნევს, რომ მერკელი დაშორდა კონსერვატიულ იდეებს.

ალტერნატივა გერმანიისათვის მიიჩნევს, რომ ტრამპის პოლიტიკა შესაძლებელს ხდის რუსეთთან უერთიერთობის გაუმჯობესებას. პარტიის ერთ-ერთი წევრი ოკუპირებულ ყირიმში გამართულ ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო და განახცადა რომ პარტია წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინის მთავრობისთვის, არამედ გერმანიის მთავრობისთვისაც და რომ რუსეთთან გაუმჯობესებული ეკონომიკური კავშირი გერმანელი ხალხის ინტერესებშია. პარტიის ახალგაზრდული ფრთა განიხილავდა ალიანსის ჩამოყალიბებას პუტინის ერთიანი რუსეთის პარტიის ახალგაზრდულ მოძრაობასთან.

ალტერნატივა გერმანიისათვის თვლის რომ ნატო უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ თავდაცვის ოპერაციებით და ესეც მხოლოდ სამხედრო ალიანსის საზღვრებში. ისინი თვლიან, რომ აშშ გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა, თუმცა გერმანიას სჭირდება დამოუკიდებელი უსაფრთხოების სტრატეგია. ბრექსითთან დაკავშირებით პარტიის პოზიცია შემდეგია: თუ ევროკავშირში არ განხორციელდება ძირეული რეფორმები, გერმანიამ უნდა მიბაძოს დიდ ბრიტანეთს და დატოვოს ორგანიზაცია. პარტიას ასევე სურს ევროზონის დატოვება და გერმანული მარკის დაბრუნება. საშინაო პოლიტიკის კუთხით ისინი მხარს უჭერენ სამხედრო სამსახურში გაწვევის დაბრუნებას, საზღვრების ჩაკეტვას მიგრაციის შესაჩერებლად და განახლებად ენერგიაზე გადასვლის ნაცვლად ქვანახშირის თანამედროვე საწარმოების შექმნას. მათი აზრით გამონაბოლქვი კლიმატზე გავლენას არ ახდენს და გერმანია აშშ-ის მსგავსად უნდა გამოვიდეს პარიზის შეთანხმებიდან.

პოტენციური კოალიციები

უკანასკნელი მონაცემებით უმრავლესობის მოპოვებას ერთი პარტია ვერ შეძლებს. ბოლო გამოკითხვების შედეგებია ასეთია:

ქრისტიან დემოკრატები 37%

სოციალ დემოკრატები 23%

მემარცხენეები 10%

თავისუფალი დემოკრატები 9%

ალტერნატივა გერმანიისათვის 9%

მწვანეთა პარტია 8%

შესაბამისად 25 სექტემბრიდან ბუნდესტაგში შესულ პარტიებს შორის დაიწყება მოლაპარაკებები კოალიციების შესაქმნელად. ქრისტიან დემოკრატები სოციალ დემოკრატებთან ერთად კოალიციის შექმნის შემთხვევაში უმრავლესობას მოიპოვებენ, თუმცა მათი პოზიციები მნიშვნელოვნად განსხვავდება თავდაცვის ბიუჯეტზე (ქრისტიან დემოკრატები აპირებენ ნატოს 2%-იანი მოთხოვნა დააკმაყოფილონ, შულცი არ აპირებს დაჰყვეს ამერიკის მოთხოვნებს ამ საკითხზე) და რუსეთთან ურთიერთობაზე (ქრისტიან დემოკრატებს სურთ სანქციების დატოვება, სოციალ დემოკრატებს სურთ დაახლოება რუსეთთან, სანქციების მოხსნა, მხარს უჭერენ ნორდსტრიმის პროექტს). რუსეთი იქნება მთავარი დაბრკოლება ქრისტიან დემოკრატების და თავისუფალი დემოკრატების კოალიციის შემთხვევაშიც, რომლებიც მზად არიან დროებით დათმობებზე წავიდნენ ყირიმის საკითხზე. თუმცა ქრისტიან დემოკრატები მხოლოდ თავისუფალ დემოკრატებთან კოალიციის შექმნით ამჟამინდელი მონაცემებით უმრავლესობას მაინც ვერ მოიპოვებენ და სავარაუდოა რომ ამ კოალიციას მწვანეთა პარტიაც დაემატოს. ქრისტიან დემოკრატების და მწვანეთა პარტიის პოზიციები საგარეო პოლიტიკის საკითხებზე თანხვდება, თუმცა მწვანეთა განცხადებით ისინი მზად არიან ყველასთან დაამყარონ ალიანსი ალტერნატივა გერმანიისათვის გარდა, თუ შეთანხმდებიან კლიმატის და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების საკითხებზე. ამ უკანასკნელზე მერკელის პარტიას განსხვავებული პოზიცია აქვს.

რაც შეეხება სოციალ დემოკრატების კოალიციის ვარიანტებს, განიხილება მათი კავშირი მემარცხენეებთან, რომლებთანაც პოზიციები თანხვდება რუსეთთან დაახლოების, ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების და თავდაცვის ბიუჯეტის შემცირების საკითხებში, თუმცა ეს კოალიცია ბოლო მონაცემების მიხედვით უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. შესაძლებელია კოალიცია სოციალ დემოკრატებს, თავისუფალ დემოკრატებს და მწვანეთა პარტიას შორისაც, თუმცა სამივე პარტიას მნიშვნელოვან დათმობებზე მოუწევს წასვლა როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და დღევანდელი მაჩვენებლებით ეს კოალიცია უმრავლესობას მაინც ვერ მოიპოვებს.

რაც შეეხება პარტიას ალტერნატივა გერმანიისათვის, ის აუტსაიდერია და არც ერთი პარტია არ აპირებს მათთან თანამშრომლობას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა აბაშიძე

კომენტარები