ახალი კონსტიტუციის პროექტი

თალაკვაძე კონსტიტუციაზე: ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტის ვეტოსთვის

არჩილ თალაკვაძე
ტაბულა

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტისთვის ვეტოს დადებას გეგმავს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს მათ პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრები აძლევს. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ვეტოს დასაძლევად მზად არის. 

"ვეტო არის პრეზიდენტის პრეროგატივა. თუ ის გამოიყენებს ვეტოს, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, თუ არ გამოიყენებს ვეტოს, მესამე მოსმენით მოხდება კონსტიტუციის მიღება. წინასწარი დასკვნა გვექნება უახლოეს პერიოდში, სადაც, მე ვფიქრობ, ჩვენ დავინახავთ, რომ ერთადერთი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც დისკუსია შეიძლება პოლიტიკურ პარტიებს შორის გაგრძელდეს, არის ვადები. ჩვენ მესამე სესიაზე გავდივართ იმ რწმენით, რომ ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციას, რომელიც ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების გარანტი იქნება", - თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს ცვლილებების მეორე მოსმენით დამტკიცების შემდეგაც აქტიურად მართავს. მარგველაშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და ოპოზიციამ კონსტიტუციაზე დახურულ კარს მიღმა გუშინაც იმსჯელეს. შეხვედრა დღესაც არის დაგეგმილი. 

ქართული ოცნების გარდა, საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართული ყველა მხარე: პრეზიდენტი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მთელ რიგ საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებს. მათთვის მიუღებელია მაჟორიტარული სისტემის გაუქმების 2024 წლამდე გადავადება, 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება, ასევე ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა და გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი. გიორგი მარგველაშვილისთვის მიუღებელია პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესის გაუქმებაც: კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, 2023 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი კომისია აირჩევს.  

კომენტარები