დევიდ ლინჩი

პარლამენტი: დევიდ ლინჩი საქართველოში კინემატოგრაფის უნივერსიტეტის გახსნას გეგმავს

flickr.com

ნოემბერში საქართველოში ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი ჩამოვა. ის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ქვეყანაში "დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის" დაფუძნების საკითხზე გამართავს შეხვედრებს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტი ავრცელებს.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის (DLFC) ხელმძღვანელს გიგა აგლაძესთან გამართა შეხვედრა. შეხვედრა 18-21 ნოემბრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ორგანიზებას ეხებოდა. 

ლინჩის ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება საერთაშორისო კინოფესტივალის პროექტთან დაკავშირებით დისკუსია, რომლის დეტალებსაც კომიტეტი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად განიხილავს.

მარიამ ჯაშის განცხადებით, დევიდ ლინჩის ფონდის მიერ გაჟღერებული ყველა ინიციატივა თანხვედრაშია საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ გაცხადებულ პრიორიტეტებთან. 

გიგა აგლაძის განცხადებით უკვე გადაწყვეტილია, რომ დევიდ ლინჩი ნოემბერში გვესტუმრება და ფართო აუდიტორიასთან გამართავს შეხვედრებს, გაიმართება მისი ფილმების ჩვენებაც.

"ის პროექტები, რისი გაკეთებაც იგეგმება ქვეყნისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის არის დევიდ ლინჩის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის და ა-კლასის კინოფესტივალის დაარსება", - განაცხადა გიგა აგლაძემ.

კომენტარები