გიორგი ანდრიაძე

ანდრიაძე ოხანაშვილის ბრალდებაზე: ის ადამიანები ტერორისტები არ არიან

sangu,edu.ge

"სპექტაკლის ახალი ეტაპი", - ასე გიორგი ანდრიაძემ სოსო ონახაშვილის ბრალდება შეაფასა, რომლის მიხედვითაც ერთი წლის განმავლობაში პატრიარქის ბინაში ტერორიზმში ბრალდებული ადამიანები იმალებოდნენ. ანდრიაძემ კომენტარი ინტერპრესნიუსთან გააკეთა. საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ოხანაშვილის გუშინდელი განცხადება და რუსთავი 2-ის სიუჟეტი ე.წ ციანიდის საქმის გაგრძელებაა და მიზნად ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს. 

ანდრიაძის თქმით, ის ადამიანები, რომლებზეც სოსო ოხანაშვილმა ჩვენებაში ისაუბრა, არიან ლაზები, რომლებსაც უყვართ საქართველო და ხშირად ჩამოდიან ქვეყანაში. მისივე განცხადებით, ეს ადამიანები საქართველოში ლეგალურად და ოფიციალურად შემოვიდნენ, პრობლემები კი მას შემდეგ შეექმნათ, რაც "თურქეთში დემოკრატიული ჯგუფების დევნა დაიწყო". ანდრიაძე ამბობს, რომ ის ”ლაზურ პროექტს” ხელმძღვანელობს, რომლის ფარგლებშიც პატრიარქის სახლში სისტემატურად ლაზები ჩამოდიოდნენ. თუმცა, მისი თქმით, პატრიარქის მდივანს, შორენა თეთრუაშვილს ”ლაზურ პროექტთან“ შეხება არ ჰქონია. 

„ესენი არ არიან ისლამისტები. მათ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს ოფიციალურად, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთის სახელმწიფომაც გამოუშვა და საქართველომაც მიიღო ისინი. ამ პიროვნებების ტერორისტებად გამოცხადება არის სრული აბსურდი. 

მე ვარ საქართველო-თურქეთის 8-კაციანი კომისიის წევრი, თურქეთ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის დამფუძნებელი. ვიცნობ თურქეთის ყველა ელჩს ახლოს და პირადად, მათ შორის ოჯახურ დონეზე. ასე რომ, თურქეთის მიმართ ტერორიზმში ბრალდებული პირების ჩემთან გაიგივება და რაიმე ფორმით დაკავშირება არის აბსოლუტური აბსურდი. ჩვენთან მოდიან ყველანაირი ტიპის ლაზები, თურქეთის ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლები, ოპოზიცია, ათეისტები, ისლამისტები. 15 წლის წინ დაიწყო ჩვენი ”ლაზური პროექტი”. პატრიარქის სახლი გადმოცემული გვქონდა ჩვენ წლების განმავლობაში. ამ სახლში სისტემატიურად ჩამოდიოდნენ ლაზეთიდან სტუმრები, რჩებოდნენ იქ რამდენიმე დღით, იღებდნენ საკვებს და მხარდაჭერას. ეს ადამიანები არ შემოპარულან ტყით და ზღვით. ოფიციალურად ჩაურტყეს ბეჭედი და შემოვიდნენ საზღვრიდან. პრობლემები გაუჩნდათ მერე, ალბათ, როდესაც თურქეთში დემოკრატიული ჯგუფების დევნა დაიწყო. ეს ადამიანები არ იყვნენ ისლამისტები, ისინი იყვნენ დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანები. ეს პიროვნებები რომ დაიჭირეს, საქართველოს მთავრობას მათთან პრობლემა არ ჰქონია. გაიმართა სასამართლო პროცესი და ერთი მათგანი გამოუშვეს. დღესაც საქართველოში ცხოვრობს. ტერორისტებს ციხიდან არ უშვებენ”, - განაცხადა ანდრიაძემ "ინტერპრესნიუსთან".

რუსთავი 2-მა გუშინ გაავრცელა სოსო ოხანაშვილის ჩვენების აუდიოჩანაწერი, რომელიც პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა ე.წ ციანიდის საქმეზე სასამართლოს დახურულ სხდომაზე მისცა. ჩანაწერი ტელეკომპანიამ მოიპოვა. მასში ოხანაშვილი ამბობს, რომ მცხეთის ქუჩაზე, ერთი წლის განმავლობაში, ილია მეორის კუთვნილ ბინაში 3 ადამიანი ცხოვრობდა, რომლებიც თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ტერორიზმში, მკვლელობასა და გატაცებაში არიან ბრალდებულები. ოხანაშვილის თქმით, თურქეთის მოქალაქეები პატრიარქის ბინაში გიორგი ანდრიაძის და შორენა თეთრუაშვილის დახმარებით ცხოვრობდნენ.

კომენტარები