გურია ნიუსი

გურია ნიუსი ოზურგეთის მერობის კანდიდატს, გოჩა ძიმისტარიშვილს სასამართლოში უჩივის

გურია ნიუსი

გურია ნიუსი გაერთიანებული ოპოზიციის (თავისუფალი საქართველოსა და დემოკრატიული მოძრაობის) ოზურგეთის მერობის კანდიდატის, გოჩა ძიმისტარიშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. შესაბამისი სარჩელის მომზადება გამოცემამ უკვე დაიწყო. საქმე ძიმისტარიშვილის ფეისბუქ პოსტს ეხება, რომლითაც ის გურია ნიუსის ჟურნალისტს, გიორგი გირკელიძეს მის შესახებ ცილისმწამებლური სტატიების დაწერაში ადანაშაულებს და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს. ამასთან, უარყოფით კონტექსტში საუბრობს გირკელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ძიმისტარიშვილის პოსტი გურია ნიუსის სტატიას მოჰყვა, რომელშიც მის სამომავლო გეგმებზეა საუბარი.

"დღეს გაზეთ “გურია ნიუსის“ ე. წ. ჟურნალისტმა გიორგი გირკელიძემ ჩემი მისამართით “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძისა და სპეცსამსახურის დაკვეთით გამოაქვეყნა ცილისმწამებლური სტატია, რაშიც, როგორც შარშან არჩევნების წინ ძაღლივით გადაუგდეს 500 ლარი. შარშანაც მინდოდა მემხილა ეს არსება, იგივე ოზურგეთელი მამალაძე, მაგრამ ვერ შევძელი და იცით რატომ, იმიტომ რომ იმ სტატიის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ორ დღეში დამბლამ დაარტყა და კინაღამ “გევიდა" მარილზე.

ამ კაზახმა რამოდენიმე თვეა ისევ დაიწყო “ჯღაპვნა"და აი არჩევნების წინ ისევ შეასრულა სპეცსამსახურებისა და ბეგლარის დაკვეთა. ვაი მაგის პატრონს უბედურს. შარშან აღებული 500 ლარი სიცოცხლის ფასად კინაღამ დაუჯდა და დღეს იგივე კიდევ გაიმეორა. აბა ამას ეხლა ნორმალური კაზახი შეიძლება ერქვას?“ - წერს ძიმისტარიშვილი. 

გურია ნიუსი წერს, რომ მერობის კანდიდატის ცილისმწამებლური განცხადება პირადი ცხოვრების დეტალების, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადამიანის, ჟურნალისტის შეურაცხყოფა და რეპუტაციის შელახვის მცდელობაა.

გოჩა ძიმისტარიშვილის მიერ გიორგი გირკელიძის შესახებ დაწერილ ფეისბუქ პოსტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა. ქარტია ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ როგორც მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ორგანიზაცია, მიუღებლად მიიჩნევს საჯარო პირების, პოლიტიკოსების თუ საარჩევნო სუბიექტების მიერ ჟურნალისტის დისკრედიტაციას და დაუსაბუთებელ ბრალდებებს.

"დაუშვებელია ჯანმრთელობის საკითხებით მანიპულირება. იმისათვის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შენარჩუნებული იყოს ჯანსაღი მედიაგარემო და ამომრჩევლებმა მიიღონ საჭირო ინფორმაცია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მისაღებად, აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების თავისუფალი და უსაფრთხო მუშაობა", - ნათქვამია ქარტიის განცხდებაში

კომენტარები