პრემიერმინისტრი გაეროში

პრემიერი გაეროში: მხარს ვუჭერთ რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და დელეგატებს სიტყვით მიმართა. 

სხვა საკითხებთან ერთად, პრემიერმა რუსულ აგრესიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს "რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას".

"გაეროს წევრებმა კარგად იციან, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას, რითაც არღვევს არაერთ საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც მას აკისრია, მათ შორის, უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალური ასამბლეის ათობით რეზოლუციას,"- აღნიშნა კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. 

პრემიერმა გაეროს დელეგატებს შეახსენა, რომ 2017 წლის დასაწყისში რუსეთმა გაააქტიურა "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა". კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა გააფორმა ე.წ "შეთანხმებები ინტეგრაციის შესახებ" და ხელი მოაწერა "ხელშეკრულებებს" დე-ფაქტო ხელისუფლებებთან, რათა რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და სოციალურმა სისტემებმა "შთანთქან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები". 

"დაუცველი ჯგუფები, რომლებიც აქამდე, მაგალითად, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ან ბავშვები, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულ მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მისაღებად გადმოდიოდნენ მეორე მხარეს, დღეს ამას ვეღარ ახერხებენ, რადგან ე.წ. გადამკვეთი პუნქტები დაიხურა. ამასობაში კი, რუსეთი აგრძელებს მოძრაობაზე რეაგირებისა და სხვა სახის ტექნოლოგიების გამოყენებას, რათა მოიპოვოს სრული კონტროლი მთლიანად საოკუპაციო ხაზების გაყოლებაზე,"- განაცხადა პრემიერმა. 

გიორგი კვირიკაშვილმა საუბრის დასასრულს ხაზი გაუსვა, რომ იმ პირობებში, როცა საქართველო ზედმიწევნით ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს და, ამასთან, არაერთხელ დაადასტურა ძალის არგამოყენების შესახებ დებულების ერთგულება, რუსეთისგან საპასუხო მოქმედებას ადგილი ამ დრომდე არ ჰქონია.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნოე სულაბერიძე

კომენტარები