ვისთან შეკრავს კოალიციას ანგელა მერკელი მთავრობის ფორმირებისთვის?

DW.COM

გერმანიის ფედერალური არჩევნების ეგზიტპოლის ბოლო მონაცემების მიხედვით, ანგელა მერკელის კონსერვატიულმა ალიანსმა ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტი 32.9% დააგროვა, რითიც მერკელი გერმანიის კანცლერად მე-4 ვადით აირჩა. 

მიუხედავად იმისა, რომ მერკელის ალიანსი პირველ ადგილზე გავიდა, მას მთავრობის ფორმირებისთვის მანდატების საკმარისი რაოდენობა არ აქვს, შესაბამისად, მან რომელიმე პარტიასთან ან პარტიებთან უნდა შექმნას კოალიცია.

თავდაპირველად, მიიჩნევდნენ, რომ მერკელი კოალიციას მეორე ადგილზე 20.8%-ით გასულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან შეკრავდა, თუმცა პარტიის ლიდერმა მარტინ შულცმა განაცხადა, რომ მათ არ სურთ კოალიციაში შესვლა და ოპოზიციაში დარჩენას აპირებდნენ. პარტიის კანცლერობის კანდიდატმა მარტინ შულცმა თქვა, რომ "ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ოპოზიცია". ამის ერთერთ მიზეზად პარტიის ლიდერებმა ბუნდესტაგში უკიდურესად მემარჯვენე, ნაციონალისტური პარტიის მე-3 ადგილზე გასვლა დაასახელეს და თქვეს, რომ "დაუშვებელია AfD მთავარი ოპოზიციური ძალა იყოს".

ამის შემდეგ, ანგელა მერკელმა თქვა, რომ მთავრობის ფორმირებისთვის აუცილებელია კოალიციაში შესვლა, მისი პარტიის გარეშე კი, ვერანაირი მთავრობა ვერ ჩამოყალიბდება. მერკელი გეგმავს, რომ კოალიციისთვის მწვანეებსა და თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას მიმართოს. 

თავისუფალი დემოკრატების კანცლერობის კანდიდატმა კრისტენ ლინდნერმა თქვა, რომ ჯერჯერობით მერკელისგან შეთავაზება არ მიუღია, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად დათანხმდება მასთან ერთად მთავრობის ფორმირებას. 

კოალიციის შექმნას მწვანეთა პარტიაც გამოეხმაურა Twitter-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით, სადაც დაწერეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ და მერკელის პარტიის იდეებს შორის დიდი პოლიტიკური სხვაობაა, "ქვეყანა ვინმემ უნდა მართოს", რაც სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ისინი კოალიციაში შევლენ. 

გერმანიის ეგზიტპოლის არჩევნების განახლებადი და სრული ვერსია, შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

კომენტარები