არჩევნები გერმანიაში

მერკელის CDU-მ და შულცის SPD-მ 1949 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგები აჩვენეს

0 კომენტარი
ფოტო: Getty

მიუხედავად მიღწეული გამარჯვებისა, ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიული პარტია (CDU) შედეგებით კმაყოფილი არ არის. ქრისტიან დემოკრატებისათვის წლევანდელ არჩევნებში მიღებული 33,2% ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, თუ არ ჩავთვლით 1949 წლის არჩევნებს. მას შემდეგ, იმ წლებშიც კი, როდესაც პარტიამ ოპოზიციაში გადაინაცვლა (1972, 1998, 2002), მათი მაჩვენებელი ამჟამინდელს აღემატებოდა.

მეოთხე ვადით კანცლერად არჩეული ანგელა მერკელის ლიდერობის მანძილზე ეს პარტიის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, რასაც თავადაც გაუსხვა ხაზი გამარჯვების აღნიშვნისას. მერკელის თქმით ბოლო ოთხი წელი განსაკუთრებით რთული იყო, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა მისმა პარტიამ შეძლო პირველ ადგილზე გასვლა და მათ გარეშე მთავრობის ჩამოყალიბება ამჟამად შეუძლებელია, რადგან რეიტინგით მეორე სოციალ დემოკრატების პარტიის მაჩვენებელიც დაეცა.

გამომდინარე იქიდან, რომ რეიტინგით მეორე პოლიტიკურმა ძალამ, სოციალ დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) და მისმა ლიდერმა, მარტინ შულცმა განაცხადეს, რომ ე.წ. "დიდი კოალიცია" ქრისტიან დემოკრატებსა და სოციალ დემოკრატებს შორის, რომელიც წინა ბუნდესტაგში მმართველ კოალიციას წარმოადგენდა აღარ შედგება. პარტია აპირებს ბუნდესტაგში მთავარ ოპოზიციურ ძალად იქცეს. გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად პარტიის ზოგიერთი წევრი ალტერნატივა გერმანიისათვის პარტიის ფაქტორსაც ასახელებს, რადგან სოციალ დემოკრატიული პარტიის მმართველ კოალიციაში შესვლის შემთხვევაში ალტერნატივა გერმანიისათვის მთავარ ოპოზიციურ ძალად იქცევა.

აღსანიშნავია, რომ სოციალ-დემოკრატების მხარდაჭერამ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც დაიკლო, მაგალითად საფრანგეთში, დანიასა და ავსტრიაში. მათი პოპულარობის კლებას ნაციონალ-პოპულისტური პარტიების მხარდაჭერის ზრდასთან აკავშირებენ. ბოლო წლებში წინასაარჩევნო დისკუსიების მთავარ თემებს მიგრაციის და უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენს და უმუშევრობის, სოციალური პრობლემების და სხვა თემებმა რომლებიც სოციალ-დემოკრატების პოპულარობას განაპირობებდა უკანა პლანზე გადაინაცვლა. თავად სოციალ-დემოკრატიული პარტიების შიგნით მიგრაციის საკითხებზე აზრი ხშირად გაყოფილია, რაც კიდევ უფრო ამცირებს მათ პოპულარობას ამომრჩეველში.

ზოგიერთი მოსაზრებით ქრისტიან დემოკრატების დაბალი შედეგი და ალტერნატივა გერმანიისათვის პარტიის მსგავსი წარმატება მერკელის მიგრაციის პოლიტიკისათვის ერთგვარი ვერდიქტია. მერკელი გერმანელ ხალხს დაჰპირდა, რომ ყველა იმ ხმას დაიბრუნებს, რომელიც ულტრა მემარჯვენე პარტიამ მიიღო.

არსებულ პირობებში კი, როდესაც ის გამორიცხავს რადიკალურად მემარჯვენე და მემარცხენე პარტიებთან თანამშრომლობას, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კოალიციის ე.წ. „იამაიკური“ ვარიანტი რჩება, რაც გულისხმობს ქრისტიან დემოკრატების (შავი), თავისუფალი დემოკრატების (ყვითელი) და მწვანეთა პარტიის (მწვანე) კოალიციას. ორივე პარტია თანახმაა თანამშრომლობაზე.

თავისუფალი დემოკრატები (FDP) 2013 წელს ბუნდესტაგის გარეთ დარჩნენ. 1949 წლიდან მოყოლებული პარტია ყოველთვის იყო პარლამენტში წარმოდგენილი. მათ წლევანდელი შედეგისათვის ამომრჩეველს გულითადი მადლობაც გადაუხადეს.

მემარცხენეთა პარტიის (Die Linke) რეიტინგი ბოლო სამი არჩევნების განმავლობაში თითქმის სტაბილურია. წლევანდელ არჩევნებზე მათ 9%-ის აღება მოახერხეს, რაც წლების მანძილზე მათი წინამორბედი დემოკრატიული სოციალიზმის პარტიის (PDS) შედეგებიდან შედარებით მემარცხენეთათვის კარგი მაჩვენებელია.

არჩევნების მიერ მოტანილი მთავარი ცვლილება ბუნდესტაგში ნაციონალ-პოპულისტური პარტიის ალტერნატივა გერმანიისათვის (AfD) შესვლაა. მოიხედავად იმისა, რომ პარტიამ 2013 წლის არჩევნებში ბარიერი ვერ გადალახა და ზოგიერთის აზრით წლევანდელ არჩევნებშიც მსგავსი შედეგი იქნებოდა, პარტია არა მხოლოდ შევიდა ბუნდესტაგში, არამედ მიღებული 13%-ით ისინი მესამე პოლიტკური ძალას წარმოადგენენ. მოულოდნელობის თვალსაზრისით ამ შემთხვევას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას და ბრექსითსაც ადარებენ. მას შემდეგ, რაც საფრანგეთის არჩევნებში მემარჯვენე მარი ლე პენი ემანუელ მაკრონმა დაამარცხა, გერმანელთა ნაწილი მოელოდა, რომ რადიკალურად მემარჯვენე პარტია მათ ქვეყანაშიც მარცხს განიცდიდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯამში ნაციონალ-პოპულისტებმა საფრანგეთში უფრო დიდი მხარდაჭერა მოიპოვეს ვიდრე გერმანიაში, როგორც აღმოჩნდა მათ აღმოსავლეთ გერმანიის მამაკაცი ამომრჩევლების უმეტესობის მხარდაჭერა მიიღეს და ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე სოციალ დემოკრატიულ პარტიასაც კი აჯობეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები