საკონსტიტუციო ცვლილებები

პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე უარს ამბობს

ირაკლი კობახიძე, გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე უარს ამბობს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის თქმით, ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური აქტი. საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით გუშინ მიმართა. 
პარლამენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარება ხვალ, 26 სექტემბერს სურს. 

"საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, არ დანიშნოს რიგგარეშე სხდომა. პირველ რიგში, კონსტიტუციის პროქტს აქვს არაერთი ხარვეზი. მათ შორის კი, მთავარი არის ის, რომ ეს არ არის თანხმობის დოკუმენტი. ამავე დროს, პროექტის შემუშავება ნაჩქარევად მოხდა და მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციიის კომისიის რეკომენდაციები. საბოლოოდ კი, შედეგად, ჩვენ ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს... ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრეზიდენტი არ ნიშნავს რიგგარეშე სხდომას. ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური აქტი, რადგან კონსტიტუციის თანახმად, უმრავლესობას თვითონაც შეუძლია, შეიკრიბოს 48 საათის გასვლის შემდეგ" - თქვა ანა დოლიძემ. 

პარლამენტის აპარატის განცხადებით კი, “საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მესამე მოსმენით განიხილოს და კენჭი უყაროს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს. კანონპროექტის მესამე მოსმენა დაგეგმილია სამშაბათს, 26 სექტემბერს, 14:00 საათიდან, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე. აღნიშნული მიზნით, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა”.

პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტი უფლებამოსილია, მომდევნო 48 საათის განმავლობაში შეიკრიბოს.

კომენტარები