საკონსტიტუციო ცვლილებები

უმრავლესობაში შემავალი პარტიები: ტყუილია, თითქოს კონსტიტუციას ერთი პარტია იღებს

parliament.ge

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ოთხი პოლიტიკური სუბიექტის განცხადებით, "ტყუილია, თითქოს ახალი კონსტიტუცია მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით მიიღება". სოციალ-დემოკრატების, კონსერვატიული პარტიის, მწვანეთა პარტიის და "მრეწველების" შეფასებით, ასეთი განცხადებები აშკარად და მიზანმიმართულად შეურაცხყოფენ მინიმუმ ოთხ საპარლამენტო პარტიას.

„საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში, გარდა "ქართული ოცნებისა", ფრაქციების სახით წარმოდგენილია ოთხი პოლიტიკური სუბიექტი, რომლებსაც ცნობადობაც, ისტორიაც, რეიტინგიც, რეპუტაციაც და პარტიის წევრთა რაოდენობაც კი გაცილებით დიდი აქვთ, ვიდრე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური პროცესის დასაზიანებლად შემოკრებილი პარტიების უდიდეს უმრავლესობას.

შესაბამისად, უპასუხისმგებლო და ტყუილია ნებისმიერი განცხადება იმის შესახებ, თითქოს ახალი კონსტიტუცია მიიღება მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით.

ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებშიც აშკარად და მიზანმიმართულად შეურაცხყოფენ მინიმუმ ოთხ საპარლამენტო პარტიას. 

აქვე, საპარლამენტო უმრავლესობაში ფრაქციების სახით წარმოდგენილი პარტიები, აბსოლუტურად თანაბრად ვიზიარებთ ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას და მოხარულები ვართ, რომ თითქმის ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, შევქმენით ისეთი კონსტიტუციური პროექტი, რომელიც უპრეცედენტო საყოველთაო-სახალხო განხილვებისას მხარდაჭერილია საზოგადოების მიერ, დადებითად აფასებს ვენეციის კომისია და უდავოა, რომ ამ კონსტიტუციური რეფორმით ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება იქნება უზრუნველყოფილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ქართული ოცნების უმრავლესობა მესამე მოსმენით მიიღებს ახალ კონსტიტუციას. მიუხედავად იმისა, რომ რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე პრეზიდენტმა უარი თქვა, მმართველი გუნდი საკუთარი ინიციატივით მაინც შეიკრიბება. საპარლამენტო უმცირესობა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.

კომენტარები