საკონსტიტუციო ცვლილებები

თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს - საპარლამენტო უმცირესობამ რიგგარეშე სხდომა დატოვა

ევროპულმა საქართველომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დატოვა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მესამე მოსმენით განიხილებოდა. 

ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა სათითაოდ მიმართეს მმართველ გუნდს და მოუწოდეს არ დაეშვათ "ეს ისტორიული შეცდომა". 

ევროპული საქართველოს ბოლო გამომსვლელი ელენე ხოშტარია იყო, რომლის სიტყვის შემდეგაც, პარტიამ სხდომათა დარბაზი დატოვა.

"ყველანაირი ხელისუფლება არსებობს. ნებისმიერი ხელისუფლება უშვებს შეცდომებს, ნებისმიერი პოლიტიკოსი უშვებს შეცდომებს, დეპუტატები უშვებენ შეცდომებს, ეს ნორმალურია, ჩვენც დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ დგება რაღაც კრიტიკული მომენტები, როდესაც ვეხებით ფუნდამენტურ საკითხებს - ეს არის არჩევნები და საშუალება, რომ მშვიდობიანი გზით იცვლებოდეს ხელისუფლებები. 

და ეს არის კონსტიტუცია, იმიტომ, რომ კონსტიტუცია არ არის თქვენი პარტიის ცხოვრების წესი და თქვენი პარტიის მომავლის დოკუმენტი. კონსტიტუცია არის მთლიანად ქვეყნის ფუნდამენტურად განვითარების თამაშის წესები და თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ აიღოთ და ეს კონსტიტუცია მოირგოთ თქვენს თავზე. თქვენ ყველა სათითაოდ ხართ პასუხისმგებელი ქვეყნის წინაშე, რომ თქვენ აზიანებთ ქვეყანას.

თქვენ შემოგთავაზეთ ძალიან ბევრი შესაძლებლობა ამ ჩიხიდან გამოსვლის. ოპოზიციური პარტიები, რადიკალურად განსხვავებული პოზიციებით, შევჯერდით, ვიპოვეთ კონსენსუსი იმიტომ, რომ ეს საჭირო იყო ქვეყნისთვის. ჩვენ შემოგთავაზეთ პლებისციტი, რომ თუ ჩვენ გავიჭედეთ პოლიტიკურ პროცესში, მოდით, ვკითხოთ ხალხს. ვენეციის კომისიამ შემოგთავაზათ უამრავი მნიშვნელოვანი შენიშვნა. პრეზიდენტმა მოახერხა და განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შემოგთავაზათ გამოსავალი.

ეს თქვენ არ გაინტერესებთ. ერთადერთი გაინტერესებთ, რომ შემოებღაუჭოთ და ჩაებღაუჭოთ ხელისუფლებას, რაც პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ არ გამოგივათ. ეს ჩამობღაუჭება სწორედ თქვენს სისუსტეზე მეტყველებს, მაგრამ ამ პასუხისმგებლობას დღეს უკვე ყველანი იღებთ თქვენს თავზე საქართველოს ისტორიის წინაშე.

და მე პირდაპირ და ძალიან მოკლედ გეტყვით:

თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს საქართველოს ისტორიაში და თქვენ იმსახურებთ, რომ ამ ფარსში დარჩეთ მარტო. ევროპული საქართველო ტოვებს ამ სხდომას".

ევროპული საქართველოს მიერ სხდომის დატოვების პროცესში, პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილმა შემდეგი სიტყვებით შეაფასა:

"ძაან საცოდავი შოუ".

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც დატოვა. 

მმართველი გუნდი კონსტიტუციის პროექტს, რომელსაც ქართული ოცნების გარდა ყველა პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება, კენჭს დღეს უყრის. პარტიები პრეზიდენტსაც მოუწოდებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტო დაადონ. 

კომენტარები