ანტიკორუფციული სტრატეგია

მთავრობამ 2017-2018 წლების ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მთავრობამ ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც 38 სახელმწიფო უწყებას, მათ შორის მუნიციპალიტეტებს, 14 არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციას და ბიზნესსექტორის სამ წარმომადგენელს აერთიანებს და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევების, რისკების ანალიზსა და შეფასებას და მათი გადაჭრის ეფექტიან საშუალებებს გვთავაზობს. ახალი ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა 16 პრიორიტეტს, 60-ზე მეტ ღონისძიებას და 200-მდე აქტივობას მოიცავს. 

უწყების ინფორმაციით, 2017-2018  წლების ანტიკორუფციული სტრატეგიის ამოცანებია:

  • საჯარო სამსახურში სამართლიანი ანაზღაურების სისტემის დანერგვა;
  • ანტიკორუფციულ საკითხებზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება;
  • პროკურორთა ანაზღაურებისა და წახალისების გამჭვირვალე და ობიექტური სისტემისა და პერიოდული შეფასების მექანიზმის დანერგვა; აგრეთვე, პროკურორთა და მოსამართლეთა ეთიკის, ინტერესთა კონფლიქტისა და შეუთავსებლობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა;
  • მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების ელექტრონული პროგრამის დანერგვა და მოსამართლეთა დამატებითი ანაზღაურების ბონუსების საკითხის გადაწყვეტა;
  • „საქართველოს საარჩევნო კოდექსისა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სანქციების ჰარმონიზაციისა და პროპორციულობის უზრუნველყოფა; ყველა სახის ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება; პოლიტიკური პარტიების/საარჩევნო სუბიექტების ანგარიშვალდებულებების პროცესის დახვეწა;
  • ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის მიღება;
  • ყველა მუნიციპალიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახსრების მართვის ინტეგრირება საჯარო ფინანსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
  • ბიზნესის კეთილსინდისიერების საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის;
  • ჯანმრთელობის დაცვის  სახელმწიფო პროგრამების გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით ადმინისტრირების მექანიზმების დახვეწა;
  • მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გაძლიერება;
  • ინფრასტრუქტურული პროექტების  მაკონტროლებელი ორგანოების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესება და სხვა. 

კომენტარები