არჩევნები 2017

ISFED: 29 სექტემბერს დაგეგმილ საფეხბურთო მატჩში საარჩევნო დარღვევების ნიშნებია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზეა საუბარი.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 13, ძალადობრივი ქმედების 2, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4, აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობის 9, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 3; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, სააგიტაციო მასალების დაზიანების 4 შემთხვევა. გარდა ამისა, „სამართლიანი არჩევნების“ ყურადღების ცენტრში მოექცა საოლქო კომისიებში ინტერესთა კონფლიქტის 13 შემთხვევა. ასევე, საეჭვო შემოწირულობების 2 ფაქტი.

სამართლიანია არჩევნების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ განსაკუთრებული ტენდენციის სახით გამოიკვეთა ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები საოლქო საარჩევნო კომისიებში, რაც  კომისიის წევრთა ოჯახის წევრების არჩევნებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაში გამოიხატება. 

"ასეთი ფაქტები გამოვლინდა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული რამდენიმე წევრის შემთხვევაშიც. საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, შესამჩნევი გახდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ  განხორციელებული ზეწოლა-მუქარის შემთხვევები. მათგან რამდენიმე შემთხვევაში ოპოზიციური პარტიის კანდიდატებს სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ანგარიშში მოყვანილი ზეწოლის ფაქტები ასევე შეიცავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებსაც. ორ სხვადასხვა ოლქში უცნობმა პირებმა საუბნო საარჩევნო კომისიები დაარბიეს. ორივე შემთხვევა მსგავსია და ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს."-წერია ანგარიშში. 

საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს შორის, გამოყოფილია  მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალექსანდრე ელისაშვილის ამომრჩეველთან შეხვედრის ჩაშლის მცდელობა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი და „ქართული ოცნების“ შტაბის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საკომუნიკაციო საშუალებების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებაში გამოიხატა. სამართლიანი არჩევენები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკებს დღეს, 29 სექტემბერს დაგეგმილ საფეხბურთო მატჩშიც ხედავს.

"სამართლიანი არჩევნები ადმინისტრაციული რესურსის, აგიტაციის წესების დარღვევისა და უკანონო შემოწირულობის გამოყენების რისკებს 29 სექტემბერს დაგეგმილ საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩშიც ხედავს, რომელშიც მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი - კახა კალაძე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული მატჩის ორგანიზებას ა(ა)იპ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახორციელებს. კიდევ ერთი ტენდენცია იყო არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში. აგიტაციაში უკანონოდ ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ. 4 შემთხვევაში „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო ადმინისტრაციას საჩივრით მიმართა და დამრღვევი პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა."- ნათქვამია ანგარიშში. 

ანგარიში 2017 წლის 5-დან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 252 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ.

კომენტარები