გერმანია

როგორ იცვლებოდა მერკელის პოლიტიკა რუსეთთან და საქართველოსთან?

მას შემდეგ, რაც 2005 წელს ქრისტიან-დემოკრატებმა ბუნდესტაგში პირველი ადგილი დაიბრუნეს და კანცლერად ანგელა მერკელი აირჩიეს, მიიჩნეოდა, რომ გერმანიის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით რადიკალურად შეიცვლებოდა. 1998-2002 წლებში მმართველი კოალიციების წამყვანი ძალა, სოციალ-დემოკრატიული პარტია და მათი კანცლერი გერჰარდ შრედერი კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებდნენ რუსეთთან, როგორც პოილიტიკურ, ისე პირად დონეზე. ისინი 1969 წელს კანცლერ ვილი ბრანდტის მიერ წამოწყებული აღმოსავლური პოლიტიკის (Ostpolitik) მომხრეები იყვნენ, რაც საბჭოთა კავშირთან და ვარშავის პაქტის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაზრდისა და დაახლოების გზით ამ ქვეყნებში პოზიტიური ცვლილებების ინიცირებას გულისხმობდა. რუსეთის მიმართ მსგავსი პოლიტიკის გაგრძელებამ, კრიტიკოსების ნაწილს შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ გერმანია, ამ პერიოდში რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად და ადვოკატად რჩებოდა.

მერკელის წინამორბედი შრედერი კანცლერობის შემდეგ გაზპრომის კონსორციუმის საბჭოს წევრი იყო. წელს ის როსნეფტის სავჭოს დამოუკიდებელ დირექტორად წარადგინეს. შრედერი ნორდსტრიმ 2-ის აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარეცაა. აღსანიშნავია, რომ ის კანცლერობის პერიოდში ნორდსტრიმის პროექტის დიდი მხარდამჭერი იყო და კანცლერობის ბოლო კვირებში პროექტის განხორციელებას ხელი მოაწერა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში არც ერთ თანამდებობას არ იკავებს, ივნისში მათი კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გამოვიდა და აშშ გააკრიტიკა. შეერთებული შტატების მიმართ კრიტიკას შრედერი არც კანცლერობისას იშურებდა, მაგალითად, ერაყში შეჭრის, ნატო-ს გაფართოებისა და სხვა საკითხებში.

პირველი ვადა (2005-2009)

მერკელის იდეოლოგიიდან და ბიოგრაფიიდან გამომდინარე არსებობდა მოლოდინი, რომ მისი კანცლერობის პირობებში ეს პოლიტიკა ცვლილებებს განიცდიდა. მერკელი აღმოსავლეთ გერმანიაში გაიზარდა, ყოფილ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში და პირადი გამოცდილებით კარგად იცნობდა ყოფილ საბჭოთა კავშირსა და მისი მემკვიდრე რუსეთის ჭეშმარიტ სახეს. მიუხედავად იმისა, რომ მერკელს არ დაუმყარებია პუტინთან ისეთი ახლო და კარგი ურთიერთობა, როგორიც მის წინამორბედს ჰქონდა, გერმანიის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით დიდი ცვლილებები არ განუცდია. რუსეთი კვლავ რჩებოდა გერმანიისათვის მნიშვნელოვან პარტნიორად, გერმანიას კვლავ ჰქონდა ბიზნეს ინტერესები რუსეთში, მისი ენერგო-დამოკიდებულება რუსეთზე იზრდებოდა და მას შემდეგ, რაც 2008 წელს ვლადიმერ პუტინი დიმიტრი მედვედევმა შეცვალა, ჩამოყალიბდა "მოდერნიზაციის პარტნიორობა", რაც ევროკავშირსა და რუსეთს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაზრდას გულისხმობდა.

მერკელის კანცლერობის პირველი ვადის განმავლობაში ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატებთან იყო კოალიციაში. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას სოციალ-დემოკრატი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი იკავებდა. შტაინმაიერი ცნობილი იყო როგორც ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრედერთან დაახლოებული პირი და აღმოსავლური პოლიტიკის მხარდამჭერი. იგი ხშირად აკრიტიკებდა მერკელის დამოკიდებულებას რუსეთისადმი და მას რუსეთის იზოლაციის მცდელობაში ადანაშაულებდა.

2008 წლის ივლისში თბილისში ვიზიტით მყოფმა შტაინმაიერმა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამ-ეტაპიანი გეგმა წარადგინა. გეგმა გერმანიამ, როგორც გაეროს მეგობართა ჯგუფის (ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, აშშ) მაშინდელმა ხელმძღვანელმა შეიმუშავა და მიზნად კონფლიქტის გადაჭრას ისახავდა. დოკუმენტში, რომელშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ იყო აღნიშნული და აფხაზეთზეც დამოუკიდებლად იყო საუბარი და არა როგორც საქართველოს განუყოფელ ნაწილზე, კონფლიქტის მხარეებად არა საქართველო და რუსეთი, არამედ საქართველო და აფხაზეთი მოიხსენიებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვიზიტისას შტაინმაიერმა დააფიქსირა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მსგავსი განცხადება მას შემდგომ სოხუმსა და მოსკოვში გამართულ ვიზიტებზე არ გაუმეორებია. გეგმის პირველი ფაზა გულისხმობდა „მხარეების“ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, რასაც ხელს გაეროს სადამკვირვებლო მისია შეუწყობდა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დოკუმენტის მიხედვით რუსული სამშვიდობო მისიაც უნდა გაგრძელებულიყო. მინისტრი შტაინმაიერი მხარს უჭერდა საქართველოსა და მოლდოვაში მშვიდობის სახელით არსებულ რუსულ სამშვიდობო მისიებს. გეგმა ასევე ითვალისწინებდა დევნილების აფხაზეთში დაბრუნებას და მათი უფლებების დაცვის გარანტიებს. მეორე ეტაპი საერთაშორისო დონორების მიერ აფხაზეთსა და კონფლიქტისაგან დაზარალებულ მეზობელ ზონებში რეკონსტრუქციების დაფინანსებას ითვალისწინებდა. ფინალურ ფაზაში აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრა უნდა მომხდარიყო. რუსეთმა დოკუმენტი შტაინმაიერის მოსკოვში ჩასვლამდე დაბლოკა.

როგორც რონალდ ასმუსი აღნიშნავს თავის წიგნში "მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა", პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან ხშირად ისმოდა ევროპის რუსული პოლიტიკის კრიტიკა, რომელიც ძირითადად გერმანიისაკენ იყო მიმართული. ასმუსის მიხედვით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გერმანია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში პრორუსული მიზნების გამტარებელ "ტროის ცხენად" მიაჩნდა. გერმანიას და თავის მხრივ კანცლერ მერკელს, რომელმაც საქართველოსა და უკრაინაში ჯერ კიდევ მაშინ იმოგზაურა, როდესაც ეს ქვეყნები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ, ეჭვები გააჩნდათ ამ ქვეყნების ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის მზაობაზე.

გარდა ამისა ასმუსი ახსენებს მერკელისა და სააკაშვილის ცუდ პირად ურთიერთობასაც, რომელიც, როგორც წიგნში წერს, კატასტროფული პირველი შეხვედრით დაიწყო, სადაც სააკაშვილმა ვერ მოახერხა ქვეყანაში გატარებული რეფორმების ეფექტურობაში მერკელის დარწმუნება. გერმანიამ საფრანგეთთან ერთად მხარი არ დაუჭირა საქართველოსა და უკრაინისათვის ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, მაპ-ის მიცემას, რაც არაერთი პოლიტიკოსისა და ექსპერტის შეფასებით ვლადიმერ პუტინმა საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებისათვის "მწვანე შუქად" აღიქვა.

მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოში დაწყებულმა 5 დღიანმა ომმა ევროკავშირში ერთსულოვანი შეშფოთება გამოიწვია, თავად კონფლიქტის წარმოშობაზე და იმაზე, თუ რა გავლენა უნდა მოეხდინა ამას რუსეთთან ურთიერთობაზე აზრი გაყოფილი იყო. მერკელმა ომის დაწყების მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს არ დააკისრა, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ზოგიერთი ქმედება არაპროპორციული იყო. მერკელს ომამდეც ჰქონდა ნათქვამი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სანდოდ არ მიაჩნდა და ეშინოდა, რომ ის ნებისმიერ მიზეზს გამოიყენებდა ევროპის ომში ჩასათრევად.

მეორე ვადა (2009-2013)

მას შემდეგ, რაც რუსეთი პრეზიდენტი კვლავ ვლადიმერ პუტინი გახდა, მერკელის რიტორიკა რუსეთისადმი გამკაცრდა. 2012 წელს ბუნდესტაგმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც აკრიტიკებდა რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებაზე და კრემლის პოლიტიკისადმი კრიტიკულ აზრზე გაზრდილ კონტროლს. გერმანიის საზოგადოებაში ფართოდ იყო გავრცელებული აზრი, რომ "მოდერნიზაციის პარტნიორობა" ეფექტური არ გამოდგა ისევე, როგორც ეკონომიკური კავშირების გზით რუსეთში ცვლილებების გამოწვევის მცდელობა.

2009 წელს ბუნდესტაგში პირველი პარტია კვლავ ქრისტიან-დემოკრატები იყვნენ, შესაბამისად, ანგელა მერკელი კანცლერი უკვე მეორე ვადით გახდა. ამჯერად კოალიცია თავისუფალ დემოკრატებთან შედგა და საგარეო საქმეთა მინისტრად პარტიის ლიდერი, გვიდო ვესტერველე დაინიშნა. ვესტერველეს დამოკიდებულება რუსეთისადმი მკვეთრად განსაზღვრული არ ყოფილა. ის მხარს უჭერდა რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობით ქვეყანაში ცვლილებების მიღწევას, თუმცა, ხშირად აკრიტიკებდა მოსკოვს. მაგალითად, სირიაში ასადის რეჟიმის მხარდაჭერისათვის.

2013 წელს გვიდო ვესტერველემ რუსეთი გააფრთხილა, რომ დუმაში მომზადებული ანტი-ლგბტ კანონი გერმანია-რუსეთის ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახებოდა. ამავე წელს გერმანელმა პოლიტიკოსებმა არასამთავრობო ორგანიზაციებში, მათ შორის, კონრად ადენაუერის ფონდში რუსეთის მთავრობის მიერ "უცხოეთის აგენტების" შესახებ ახალი კანონის ფარგლებში ორგანიზებული რეიდების წინააღმდეგ პროტესტი გამოხატეს. მაიდნის მოვლენების მიმდინარეობისას მერკელმა რუსეთი ცივი ომის პერიოდის მენტალობით მოქმედებაში დაადანაშაულა და უკრაინის ოპოზიციურ ძალებს სიტყვიერი მხარდაჭერა გამოუცხადა. მინისტრობის ბოლო დღეებში ვესტერველემ კიევში ოპოზიციის მარშში მიიღო მონაწილეობა.

მესამე ვადა (2013-2017)

2013 წლის ბოლოს მერკელი მესამე ვადით გახდა გერმანიის კანცლერი. ამჯერად მისმა პარტიამ კოალიცია სოციალ-დემოკრატებთან ჩამოაყალიბა, თუმცა, საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ. პარტიებს შორის შეთანხმებაში მთელი თავი დაეთმო იმის აღნიშვნას, რომ გერმანიასა და რუსეთს შორის თანამშრომლობის დიდი ტრადიცია არსებობდა. ამან და იმ ფაქტმა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე კვლავ შტაინმაიერი დაბრუნდა ცხადი გახადა, რომ გერმანია აღმოსავლურ პოლიტიკაზე უარს არ ამბობდა, თუმცა, ხაზი გაესვა იმასაც, რომ გერმანიისა და რუსეთის ურთიერთობები რუსეთის დემოკრატიული განვითარების ხარისხზე იქნებოდა დამოკიდებული, შესაბამისად, გერმანიის მხრიდან რუსეთის კრიტიკა არ შემცირებულა.

ყირიმის ოკუპაციის დაგმობასთან ერთად მერკელმა მხარი დაუჭირა რუსეთისათვის სანქციების დაწესებას. აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად მერკელმა პუტინს მოუწოდა სეპარატისტებზე თავისი გავლენა გამოეყენებინა. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია რუსეთზე დაწესებული სანქციების მოხსნას მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციამდე და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევამდე არ აპირებს. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მერკელმა უკრაინის ახალ მთავრობას სოლიდარობა გამოუცხადა და მხარი დაუჭირა როგორც უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაზრდას, ასევე რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებისათვის ახალი გზების ძებნას.

მერკელმა მოახერხა დაეთანხმებინა პუტინი აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ხაზთან ეუთოს მისიის დაშვებაზე. პუტინმა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში ჩინეთში გამართულ ბრიქსის სამიტზე კონფლიქტის ზონაში მომუშავე ეუთო-ს დამკვირვებლების დასაცავად გაეროს სამშვიდობო მისიის შექმნაზეც ისაუბრა, თუმცა, აღნიშნა, რომ მისია კონფლიქტის ხაზზე ოპერაციებით უნდა შემოფარგლულიყო. მერკელმა სატელეფონო საუბარში პუტინი მისიის მანდატის გაფართოებაზეც დაითანხმა, რათა მან არა მხოლოდ კონფლიქტის ხაზი, არამედ უკრაინის ყველა რეგიონი მოიცვას.

2015 წელს მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე მერკელმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევები და ამასთანავე აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარება სამხედრო გზით შეუძლებელია და ეს მშვიდობიანი მოლაპარაკებებით უნდა მოხდეს. გერმანიის პოზიციით დასავლეთმა რა რაოდენობის იარაღიც არ უნდა მიაწოდოს უკრაინას რუსეთი მეტის და უფრო სწრაფად მიწოდებას შეძლებს სეპარატისტებისთვის. შესაბამისად ეს ვერ იქნება პრობლემის გადაჭრის გზა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მედიატორის როლს ასრულებს, უკვე აღარავინ აღიქვამს მას რუსეთის ადვოკატად.

სოციალ დემოკრატებმა რუსეთის კრიტიკაში მეტი სიფრთხილე გამოიჩინეს. მინისტრმა შტაინმაიერმა თავდაპირველად მხარი არ დაუჭირა რუსეთისათვის სანქციების დაწესებას და განსაკუთრებით რუსეთის დიდი რვიანიდან გამოთიშვას. შემდგომში მან პოზიცია შეიცვალა და თქვა, რომ "ევროპაში აღარავის სჯერა, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ ჩვენ დავუბრუნდებით რუსეთთან ძველებურ ბიზნესს".

რა იქნება შემდეგ?

მეოთხე ვადით არჩეული ანგელა მერკელის მთავარი ყურადღება სავარაუდოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე იქნება გადართული, რადგან მას ბუნდესტაგში შესულ ნაციონალ-პოპულისტებთან მოუწევს გამკლავება. როგორც უკვე ცნობილია ქრისტიან-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების კოალიცია აღარ შედგება, რაც მერკელის პარტიას კოალიციის ე.წ. “იამაიკურ” ვარიანტს უტოვებს: კოალიცია თავისუფალ დემოკრატებთან და მწვანეთა პარტიასთან. საგარეო პოლიტიკის კუთხით მნიშვნელოვანი იქნება პარტიებს შორის მოლაპარაკებების შედეგები და თუ რომელი პარტიის წარმომადგენელი დაიკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს. მწვანეთა პარტიას მკაცრი დამოკიდებულება აქვს რუსეთისადმი, ემხრობა სანქციების დატოვებას, გმობს ყირიმის ანექსიას და აკრიტიკებს ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციას მაშინ, როდესაც თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, კრისტიან ლინდნერმა წინასაარჩევნო კამპანიისას აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში შედეგის მისაღწევად ახალი მიდგომაა საჭირო და ამისათვის შესაძლოა ყირიმის, როგორც რუსეთის ნაწილის დროებითი აღიარებაც გახდეს აუცილებელი. მიუხედავად ამისა თავისუფალი დემოკრატები, ისევე როგორც მწვანეთა პარტია, ნორდსტრიმ 2-ის პროექტს აკრიტიკებენ. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, ნატო-ს გაფართოებას ამჟამად პოტენციური სამთავრობო კოალიციის არცერთი პარტია ემხრობა.

კომენტარები