კახა კალაძე

კალაძე პანორამა თბილისზე: ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქალაქის განვითარებას

თბილისისი მერობის კანდიდატი კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის კომპანიებისთვის 1 ლარად გადაცემულ ქონებაზე პირველ კომენტარს Facebook Live-ის საშუალებით აკეთებს. 

კალაძე უსამართლოს უწოდებს ოპოზიციური პარტიების პროტესტს და ამბობს, რომ "ორივე ნაციონალური მოძრაობა არასწორ ინფორმაციას ავრცელებს". მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, ივანიშვილის კომპანიებს საინვესტიციო ვალდებულებები ეკისრება, კალაძე არ უარყოფს, რომ კომპანიებს ქალაქის კუთვნილი ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა.

"ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, მიზანმიმართული დეზინფორმაცია. პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე ამ წუთში, სადაც ვიმყოფები, ეს არის არსებული ავტოსადგომი და კონკრეტული ფართი გადაეცა საინვესტიციო ვალდებულებით შესაბამის კომპანიას [ბიძინა ივანიშვილის ერთერთ კომპანიას], რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ გააკეთებს მიწისქვეშა პარკინგს. ასე რომ, დაახლოებით, მილიონზე მეტი უნდა დაიხარჯოს იმისთვის, რომ ეს მიწისქვეშა პარკინგი მოეწყოს,"- ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, ქალაქში დაახლოებით, 10 ლოკაციაა მონიშნული და აქედან ერთერთი პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაა. კალაძე აღნიშნავს, რომ ეს იქნება ერთერთი საუკეთესო მიწისქვეშა პარკინგი "იმ დანარჩენ 900-თან ერთად", რომელსაც მერად არჩევის შემთხვევაში, მომდევნო წლებში გააკეთებს. 

კახა კალაძე ოპოზიციურ პარტიებს ე.წ პარტიებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ერთის მხრივ, ისინი ამბობენ, რომ პარკინგი სერიოზული პრობლემაა ქალაქში, ხოლო მეორეს მხრივ ეწინააღმდეგებიან ამ პრობლემის მოგვარების მთავრობისეულ ხედვას. 

"აქ არის მარტივი მიზეზი - მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია, იმიტომ, რომ ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის,"- ამბობს კალაძე. 

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, პანორამა თბილისის განხორციელებაში $400 მილიონი იხარჯება და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მშენებლობისას 15 000 ადამიანია დასაქმებული.

კალაძე ასევე ეხება თაბორის მთის პროექტსაც და ამბობს, რომ ოპოზიცია ცდილობს, იქაც წარმოაჩინოს ისე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ტერიტორიებს ითვისებს. 

"ესეც ძალიან დიდი ტყუილი და დეზინფორმაციაა. რეალურად, სარწყავი სისტემა კეთდება, რომ იქ არსებულ გარემოს, ბუნებას ჰქონდეს წყლის მიწოდების შესაძლებლობა და მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ერთერთი საუკეთესო ადგილი იქნება ევროპაში ის პროექტი, რომელიც ხორციელდება და ძალიან მალე უნდა დასრულდეს. ძალიან პატარა ტერიტორიაზე იქნება სასტუმრო კომპლექსი და ულამაზესი მწვანე სივრცე, სადაც თითოეულ თბილისელს ექნება შესაძლებლობა, ავიდეს და განიტვირთოს,"- ამბობს კალაძე.

ვიდეო მიმართვის ბოლოს კი აღნიშნავს, რომ "ვერავინ და ვერაფერი ვერ შეეწინააღმდეგება და შეაჩერებს ქალაქის განვითარებას, მის წინსვლას".

30 სექტემბერს საკრებულოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც ოპოზიციის და აქტივისტების პროტესტმა გამოიწვია - ისინი პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებას აპროტესტებდნენ. ტერიტორიისთვის სტატუსის ცვლილებას ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტი" ითხოვდა. ოპოზიცია ხსდომის გადადებას ითხოვდა თუმცა, ისინი საკრებულოს დარბაზიდან ძალიას გამოყენებით გაიყვანეს და მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება მაინც მიიღეს. 

კომპანია საკრებულოსგან ამ ნაკვეთის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შესყიდვას გეგმავს. ნაკვეთზე "პანორამა თბილისის" ობიექტის განთავსებაა დაგეგმილი. ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანია "თაბორირეზორტსი" ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტარის გადაცემასაც ითხოვს.

ბოლო დროის ყველა ავტორიტეტული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველია. 

კომენტარები