ბიუჯეტი 2018

2018-ში თავდაცვის სამინისტროზე ბოლო 14 წელში ყველაზე ცოტა, ბიუჯეტის 5.6% დაიხარჯება

facebook.com/mod.gov.ge

2018 წელს საქართველოს მთავრობა თავდაცვის დაფინანსების 46 მილიონით შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ 2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტიდან ხდება ცნობილი.

უწყებისთვის, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზეა პასუხისმგებელი მომავალ წელს 702 მილიონი ლარი დაიხარჯება, რაც მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ 5.6%-ია. ეს გასული 14 წლის განმავლობაში მთლიან ბიუჯეტთან მიმართებით თავდაცვის ხარჯების მინიმალური მაჩვენებელია.

სამინისტროს ბიუჯეტი მაქსიმალური 2008 წელს იყო და ის 1.5 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენდა, ეს მაშინდელი ბიუჯეტის 26% იყო.

გასული 5 წლის განმავლობაში ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტი 8.6 მილიარდი ლარიდან 12.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, თუმცა თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება პრაქტიკულად არ შეცვლილა და ის 660-750 მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობს. 

სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტიდან ირკვევა, რომ უწყების ბიუჯეტის 54% (379 მილიონი ლარი) მასში დასაქმებული 42 ათასი ადამიანის ხელფასებზე დაიხარჯება, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 4%-ით აღემატება. ეს კი ნიშნავს, რომ სამინისტროს ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ხმარდება არა შეიარაღების განახლებას, არამედ პერსონალის ანაზღაურებას.

 

კომენტარები