ე.წ ციანიდის საქმე

დეკანოზ მამალაძის ადვოკატი ჩვენებების გასაჯაროების საქმეზე პროკურატურაში მივიდა

რუსთავი 2

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია თბილისის პროკურატურაში იმყოფება. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი საგამოძიებო უწყებაში ე.წ ციანიდის საქმის დახურული სხდომიდან ჩვენებების აუდიოჩანაწერების მედიაში გავრცელების ფაქტზე არის დაბარებული. 

ფანცულაიას თქმით, ის პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს და დაწყებულ გამოძიებას აბსურდულს უწოდებს. 

„არ ვაპირებ მათთვის ჩვენების მიცემას. ეს არ არის რეალური გამოძიება. ეს არის დადგმული სპექტაკლი, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იყოს მიცემული ჯარჯი წიკლაური, დაკითხული უნდა იყოს და გამოძიება უნდა იყოს დაწყებული ყველა პროკურორის, გამომძიებლების წინააღმდეგ, ვისაც საქმის მასალები მოეპოვება, ბესიკ ბუგიანიშვილის წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომიდან ჩვენებების აუდიო ჩანაწერების მედიასაშუალებებში გასაჯაროების ფაქტზე გუშინ პროკურატურაში გიორგი მამალაძის მეორე ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი იყო დაბარებული. რამიშვილმა გამოძიებას ჩვენება არ მისცა საქმეში მაგისტრი მოსამართლის ჩართვა მოითხოვა. 

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიაში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე, წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურების, მუხლით აწარმოებს.

საქმე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ჩვენებას ეხება, რომელიც მან 25 ივლისს სასამართლოს დახურულ სხდომაზე სკაიპით მისცა. ჩვენების ფრაგმენტები სხვადასხვა მედიით ეტაპობრივად გავრცელდა. ასევე გავრცელდა პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის და მეუფე დიმიტრის ჩვენებები და დეკანოზ გიორგი მამალაძის საბოლოო სიტყვა. ჩანაწერები მედიაში მას შემდეგ მოხვდა, რაც სასამართლომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ ციანიდის საქმის პროცესები დახურული იყო, გიორგი მამალაძეს კი პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილი დაადებინა. 

კომენტარები