არჩევნები 2017

კალაძე უარყოფს, რომ ბაღების გამგეებს მისი მომხრეების სიების შეგროვება დაავალეს

კახა კალაძე
ენერგეტიკის სამინისტრო

კახი კალაძე უარყოფს, რომ ბაღების დირექტორებს მისი მხარდამჭერების სიების შეგროვებას ავალებენ და ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ის საარჩევნო შეხვედრებს 18:00 საათის შემდეგ  საგანგებოდ მართავს, რათა სამსახურის შემდეგ პარტიაში მისვლა და მათი საარჩევნო გეგმების მოსმენა ნებისმიერ მსურველს შეეძლოს. 

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე. რაც შეხება პედაგოგებს, რაც შეეხება ზოგადად სხვადასხვა თანამშრომლებს, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში", - თქვა კალაძემ.

სტუდია მონიტორმა გუშინ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, საჯარო ბაღების დირექტორები "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მხარდამჭერთა სიებს აგროვებენ. ინფორმაცია მონიტორთან რამდენიმე ბაღის დირექტორმაც დაადასტურა. თითოეულ მათგანს 100-დან 200-მდე ადამიანისგან შემდგარი სიის შედგენა და ბაღების სააგენტოში მიტანა დაევალა. სტუდია "მონიტორის" წყაროს ცნობით, დირექტორებმა კალაძის მხარდამჭერთა სია ახლობლების და მეგობრების მეშვეობით შეადგინეს და სააგენტოში წარადგინეს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, დავალება ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ თოდრაძემ გასცა. თავად თოდრაძე ინფორმაციას უარყოფს. 

როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენელმა, გიგი ჩიხლაძემ სტუდია მონიტორს უთხრა, დარღვეულია არა მხოლოდ საარჩევნო კოდექსი, რომლითაც აკრძალულია სამსახურეობრივად დაქვემდებარებული პირის აგიტაციაში ჩართვა, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც იკვეთება, კონკრეტულად კი უფლებამოსულების გადამეტება ან ბოროტად გამოყენება, ვინაიდან ზემდგომი პირები მათ დაქვემდებარებულებს კონკრეტული პარტიის სასარგებლო აგიტაციას სთხოვენ. 

კომენტარები