აზიური ფაროსანა

აზიურმა ფაროსანამ შენობებში გადაინაცვლა - როგორ ვებრძოლოთ მავნებელს

Levan Kemoklidze

აზიური ფაროსანა თბილისშიც გამოჩნდა. ეს, სპეციალისტების აზრით, ზრდის საფრთხეს, რომ მავნებელმა კახეთში გადაინაცვლოს, ამიტომ მწერის საწინააღმდეგო წამლობა აუცილებელია. 

აზიური ფაროსანა მავნებელია, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან გამოჩნდა. მან მიმდინარე წელს დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლებს თხილის და სიმინდის მოსავალი სრულად გაუნადგურა. დაზიანებულია ციტრუსიც. 

ფაროსანა ახლა გამოზამთრების ეტაპზე გადადის, ამისთვის თბილ ადგილებს ეძებს და საცხოვრებელ სახლებში, სარდაფებსა და სხვენში შედის. მოსახლეობამ ის კარადაში, ტანსაცმლებსა და თეთრეულში აღმოაჩინა. ფაროსანა უსიამოვნო სუნსაც გამოსცემს.

როგორ უნდა ვებრძოლოთ მავნებელს სახლებში ზამთარში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აგრო კონსულტანტი, დემეტრე ლიპარტია გვირჩევს:

"აუცილებელია, ყველა ადამიანი ებრძოლოს მავნებელს. თუ ბინასა და კორპუსში ცხოვრობთ, ყველაზე კარგი ღონისძიება იქნება, თუ წყალში დავამატებთ საპონს და ზემოდან ნათურას დავანათებთ. ბინაში მყოფი ფაროსანა აუცილებლად მოფრინდება და განადგურდება. 

წამლის ყიდვა ნებისმიერ აგრო მაღაზიაში შეიძლება. წამალი წავუსვათ კედელს და მივანათოთ ნათურა, მავნებელი ასევე მოფრინდება და განადგურდება.

ასევე შეიძლება სპრეი პრეპარატების გამოყენებაც", - ამბობს ლიპარტია.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მავნებელთან ლოკალურად ბრძოლისთვის მოსახლეობისთვის ქიმიური პრეპარატების დარიგება დაიწყო. მოსახლეობამ ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები უნდა შეწამლოს. ასევე რიგდება პრეპარატი ფერომონი, ფაროსანას მოსაზიდი პრეპარატი, რაც ადამიანებს მის განადგურებაში ეხმარება. ​პრეპრატების გადაცემას სამინისტრო სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში სულ დაახლოებით 230 ათასი ოჯახისთვის  გეგმავს.

გამოზამთრების შემდეგ, აპრილის ბოლოსთვის მავნებელი გამოიღვიძებს და კვლავ ნათესებსა და მასივებში გადაინაცვლებს. გაზაფხულზე ეზოების და მეურნეობების შეწამვლა სწორედ გამოღვიძების დროს არის აუცილებელი.    

კომენტარები