თბილისის საკრებულო

ელენე ხოშტარია: თაბორის მთაზე ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

ტაბულა

“ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას თქმით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ბიძინა ივანიშვილისთვის თაბორის მთაზე ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. მისივე თქმით, კახა კალაძე, რომელიც მოსახლეობას დენის გაიაფებას სთავაზობდა, სინამდვილეში მოსახლეობას ის გაუძვირა, ბიძინა ივანიშვილს კი გაუიაფა.

“ჩვენ ხელთ გვაქვს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, თაბორის მთის, ივანიშვილის ეზოს, მოვლისთვის და პრივილეგიებისთვის, იგეგმება ელექტროსადგურის დადგმა თაბორის მთაზე. ამისთვის იხარჯება ჩვენი თანამოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული მილიონ შვიდასი ათასი კორუფციულად, პირდაპირი ხელშეკრულებით და არა ტენდერით, ჩქარჩქარა. მათ ამოგვიღეს ჯიბიდან მილიონ შვიდასი ათასი იმისთვის, რომ მოუწყონ ბიძინა ივანიშვილს ეზო, გააშენოს აქ სასტუმრო. გარდა ამისა, თუ ყველა სხვა შემთხვევაში სასტუმროები იხდიან დენის ტარიფს, ბიძინა ივანიშვილს თელასის გვერდის ავლით აძლევენ პრივილეგირებულ ფასად დენს. კალაძე მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ ადამიანებს გაუიაფდებოდა დენი, მაგრამ მათ ადამიანებს გაუძვირეს დენი, ხოლო ბიძინა ივანიშვილს უიაფებენ დენს ჩვენს ხარჯზე, ჩვენ კუთვნილ ტერიტორიაზე, მის მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე. 

გარდა ამისა, ელექტროსადგურის აშენებას მოჰყვება ასობით ხის მოჭრა. როდესაც ჩვენ გვესაუბრება კალაძე, რომ თურმე ჰაერის პრობლემაა ქალაქში და მწვანეზე ზრუნავს, რეალურად ისინი ჩეხავენ ხეებს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწყონ კომფორტი. ეს ყველაფერი გაფორმდება ისევ ბიძინა ივანიშვილის დამორჩილებულ სახელმწიფო ინსტიტუტებში”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ხვალინდელ საკრებულოს სხდომას ევროპული საქართველოს პარლამენტის დეპუტატებთან ერთად დაესწრება. სხდომა 16 საათზეა ჩანიშნული. მისი თქმით, მისმა გუნდმა საკრებულოს გაუგზავნა წერილი, რომლითაც კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სხდომაზე დასწრების უფლება რეგლამენტის შესაბამისად აქვთ. 

თბილისის საკრებულო ხვალ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის "ოლდ სითი დეველოფმენთისთვის" 1 ლარად გადაცემის საკითხს განიხილავს. კომპანია ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დაფუძნებული. პუშკინის სკვერის "ოლდ სითი დეველოფმენთი" მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას გეგმავს, რომელიც პანორამა თბილისის ერთ-ერთი ობიექტი იქნება. 

თბილისის საკრებულო აღნიშნული საკითხის დამტკიცებას 29 სექტემბრის სხდომაზე გეგმავდა, თუმცა ოპოზიციისა და აქტივისტების პროტესტის გამო საკითხის განხილვა გადაიდო. თუმცა, 2 კვირის წინ თბილისის საკრებულომ მაინც შეძლო, მხარი დაეჭირა პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებისთვის, რაც ამ ტერიტორიის გასხვისებისთვის აუცილებელი პროცედურა იყო. 

კომენტარები