თბილისის საკრებულო

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: დებოშის მოწყობის უფლება არავის აქვს

გიორგი ტყემალაძე
საკრებულოს პრესსამსახური

თბილისის საკრებულოს თავმდჯომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს შენობასთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ტყემალაძის თქმით, "დებოშისა" და "დესტრუქციის" მოწყობის უფლება არავის აქვს. 

"კანონის დარღვევას სწორედ მათი მხრიდან აქვს ადგილი, როდესაც ისინი იჭრებიან შენობებში, ამტვრევენ მიკროფონებს და არ აძლევენ საკრებულოს ფუნქციონირების საშუალებას. ყველამ კარგად მოისმინა მათი განცხადებები 29 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე და ნახა მათი მოქმედებები. გარდა ამისა, უკვე რამდენიმე დღეა სხვადასხვა მედიასაშუალებით ვისმენთ დესტრუქციულ განცხადებებსა და მუქარას. დღესაც აშკარად არის მცდელობა იმისა, რომ მოხდეს დებოში, დესტრუქცია და საკრებულოს ფუნციონირებას შეეშალოს ხელი,"- აცხადებს ტყემალაძე.

დღეს საკრებულოს სხდომაზე პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტისთვის" 1 ლარად გადაცემის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. 

სწორედ ამის გასაპროტესტებლად, საკრებულოს შენობასთან ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ, რომლებსაც პოლიციის კორდონი შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევს. 
აქციაზე ენმ-ის ორი წევრი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათ შორის, კოტე იოსელიანი.

კოტე იოსელიანის დაკავებას წინ უძღოდა მისი და მისი ცოლის, დეპუტატ თინა ბოკუჩავას მიერ საკრებულოში შესვლის მცდელობა. ისინი რკინის ჯებირზე გადასვლას ცდილობდნენ, შემდეგ, აქციის მონაწილეებმა თინა ბოკუჩავას ხელით შეყვანა სცადეს, თუმცა, მათ შენობაში შესვლის უფლება საპატრულო პოლიციამ არ მისცა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და დეპუტატები, მათ შორის პარტიის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი საკრებულოში შესვლას ამ დრომდე ცდილობენ. მათ პოლიციის კორდონის გარღვევა და შენობაში შესვლა სურთ, რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევთ.

საკრებულო "ოლდ სითი დეველოპმენთისთვის" პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის გადაცემას 29 სექტემბრის სხდომაზეც გეგმავდა, თუმცა ოპოზიციისა და აქტივისტების პროტესტის გამო საკითხის განხილვა გადაიდო. თუმცა, 2 კვირის წინ თბილისის საკრებულომ მაინც შეძლო, მხარი დაეჭირა პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებისთვის, რაც ამ ტერიტორიის გასხვისებისთვის აუცილებელი პროცედურა იყო. 

კომენტარები