ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ გალისიის რეგიონში და პორტუგალიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში ხანძარს ებრძვიან. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 6 ადამიანი.
გასული კვირის ბოლოს რეგიონში ასობით ხანძრის კერა გაჩნდა და ცეცხლის გავრცელებას ქარიშხალ ოფელიას მიერ გამოწვეულმა ძლიერმა ქარებმა შეუწყო ხელი. პორტუგალიის ხელისუფლების თქმით კვირას ცეცხლის გაჩენის შესახებ რეკორდული, 443 შეტყობინება მიიღეს.
გალისიაში ცეცხლის 17 კერას, რომელთაგან 11 დასახლებულ ადგილებს უქმნის საფრთხეს ამჟამად 350 სახანძრო ბრიგადა და 200 სამხედრო ებრძვის. მეხანძრეებს ცეცხლთან ბრძოლაში მოსახლეობაც ეხმარება. რეგიონის პრეზიდენტის თქმით არსებობს ვარაუდი, რომ ცეცხლი განძრახ არის გაჩენილი.
პორტუგალიაში ცეცხლის კერებთან ათასობით მეხანძრეა მობილიზებული. გადაკეტილია ავტომაგისტრალები, მათ შორის ლისაბონისა და პორტოს დამაკავშირებელი მაგისტრალიც.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში პორტუგალიაში გაჩენილ ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა.