სოხუმის დაცემა

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ გმირებს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 

აფხაზეთიდან თბილისში სულ 25 ადამიანის ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა, მათ შორის საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკის, მამია ალასანიას, სოხუმის მერის, გურამ გაბესკირიას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს წევრების არშაველ შენგელიას, ვახტანგ გეგელაშვილისა და მათი თანამებრძოლების ცხედრების.

„24 წლიანი ტკივილის მართლაც ძალიან დიდი ემოციური ჭრილობა ნელ-ნელა შეხორცდება და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გმირები, მათ შორის მამაჩემი დაუბრუნდნენ თბილისს, დაბრუნდა საკუთარ ოჯახთან,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"დღეს მივაბარებთ მიწას იმ 25 გმირს, რომელთა ცხოვრება და თავდადება არის მაგალითი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომელთა მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ და გაიზრდებიან თაობები. მათი საფლავები აქამდე არ იყო ცნობილი და ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ამის მოძიებისთვის და მათი იდენტიფიცირებისა და გადმოსვენებისთვის საჭირო ნებართვებისთვის. დღეს უკვე შესაძლებლობა ექნებათ არამხოლოდ ოჯახებს, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მივიდეს და სანთელი დაანთოს ამ გმირების საფლავებთან. ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ძალიან სერიოზულად გაუმჯობესდა ურთიერთობები ამ მიმართულებით აფხაზურ მხარესთან. უკვე 126 ადამიანის იდენტიფიცირება და დაკრძალვა მოხდა და რამდენიმე ასეული ჯერ კიდევ შესაბამის პროცედურებს გადის. მხოლოდ წელს 46 სამარხი გაიხსნა და 91 ნეშტი ვიპოვეთ. ეს პროცესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ამაზე ჩვენ და აფხაზური მხარე შეთანხმებული ვართ, რომ მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხზე ვმუშაობთ და ყოველგვარ პოლიტიკურ განსხვავებებს განზე ვდებთ, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ პროცესი დაძრულიყო", - თქვა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა. 

აფხაზეთის ომის გმირები პრემიერმინისტრმა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა. 

კომენტარები