არჩევნები 2017

TI: წინასაარჩევნოდ ყველაზე პრობლემური საჯარო მოხელეების მობილიზებაა

TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გამგებლის წარმომადგენელმა, ლადო შველიძემ პარტია "ქართული ოცნების" შტაბის უფროსს, დავით კოდუას საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირთა სია მიაწოდა პირადი ნომრების და ვინაობების მითითებით, სადაც სიის ნაწილს პლუს ნიშნები, ნაწილს კი მინუს ნიშნები ან კითხვის ნიშნები ჰქონდა მითითებული. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ ფაქტით, გარდა საარჩევნო კოდექსისა, რომლის თანახმადაც საარჩევნო მიზნებისთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენება იკრძალება, შეიძლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონიც დაირღვა. 

​ამ და სხვა ფაქტების შესახებ, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხება, საერთაშორისო გამჭვირვალობის შესაბამის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 1-ლი ივნისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის მიხედვით, პერიოდში ყველაზე პრობლემური სწორედ ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იყო. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ფაქტობრივად ყველა რეგიონში, ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებზე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების მობილიზება ხდებოდა. მიუხედავად ამისა, რთული აღმოჩნდა ისეთი ადამიანების მოძიება, რომლებიც საჯაროდ იტყოდნენ, რომ ისინი აიძულეს, ამ ღონისძიებებს დასწრებოდნენ. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, საარჩევნო კამპანიისთვის საჯარო მომსახურეთა მსგავსი მობილიზება, სულ მცირე, ხელს უწყობს საჯარო სამსახურის უკიდურეს პოლიტიზებას. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო საგანგაშოს უწოდებს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბაღების დირექტორების მიერ ქართული ოცნების მხარდამჭერთა სიების შეგროვების შესახებ და გაუგებარს უწოდებს ფაქტს, რომ პროკურატურამ ვერ დაინახა ამ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი. 

ორგანიზაცია მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების შერჩევის პროცესს და აღნიშნავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება ფორმალურ ხასიათს ატარებს და გადაწყვეტილება მმართველი პარტიის შიგნით მიიღება.

ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა დმანისის შემთხვევაც, როდესაც მმართველი გუნდის წევრები ადგილობრივ მუსლიმებს ქართული ოცნების კანდიდატისთვის ხმის მიცემას ყურანზე დაფიცებით აიძულებდა. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ასევე საუბრობს კითხვებზე, რომლებიც სოფლის რწმუნებულების საშტატოდან არამუდმივ თანამდებობაზე გადაყვანამ გამოიწვია: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მსგავსი რამ 168 რწმუნებულს შეეხო. 

"ეს ქმედებები საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო იყო და საარჩევნო პროცესებზე უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონოდა, მითუმეტეს, რომ რამდენიმე სოფლის რწმუნებული ჩვენთან კონფიდენციალურ საუბარში გამოთქვამდა ვარაუდს, რომ მათი თანამდებობაზე დარჩენა ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ კონკრეტულ სოფლებში ნაჩვენებ შედეგებზე იყო დამოკიდებული", - აცხადებს ორგანიზაცია.

კომენტარები