ლავას ოღლის საქმე

ლავას ოღლის კანონიერ ქურდობას ვერ უმტკიცებენ, მან საქართველო დატოვა [VIDEO]

0 კომენტარი
ფოტო: primecrime.ru

კანონიერი ქურდი მინდია გორაძე მეტსახელად ლავას ოღლი გუშინ 16 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 დღით ადრე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოლდოვადან დეპორტირებული კანონიერი ქურდი საქართველოს აეროპორტში 2016 წლის 30 იანვარს დააპატიმრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დააპატიმრა, თუმცა პროკურატურამ რატომღაც მისთვის ჯერჯერობით ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო. 

წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ მინდია გორაძესთვის ჯერ ბრალი არ დაუმტკიცებიათ, ის პატიმრობიდან უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე ლავას ოღლის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს ბრალი, რაც სასამართლოსადმი უპატივცემულობას გულისხმობს და 1-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 

ადვოკატმა ლექსო კობაიძემ 2017 წლის 10 ოქტომბერს ნეტგაზეთთან საუბრისას თქვა, რომ გორაძეს პატიმრობის ვადა 17 ნოემბერს ეწურებოდა. ტაბულასთან საუბრისას კი თავისი ნათქვამი უარყო და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ "ჟურნალისტს თვეები აერია", თუმცა ასეც რომ იყოს, ლავას ოღლი პატიმრობიდან არა 16 ოქტომბერს, არამედ 17-ში უნდა გათავისუფლებულიყო.

ტაბულა დაუკავშირდა სასჯელაღსრულების სამინისტროს, რომ გაერკვია, რის საფუძველზე გაათავისუფლეს ე.წ კანონიერი ქურდი პატიმრობიდან ვადაზე ადრე და რატომ ვერ მოხერხდა მისთვის ბრალის დამტკიცება, თუმცა სამინისტროში გვითხრეს, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და ლავას ოღლის თანხმობის გარეშე სამინისტროს ინფორმაციის გასაჯაროვების უფლება არ აქვს. 

ადვოკატისვე ინფორმაციით, ლავას ოღლიმ უკვე დატოვა საქართველო. კითხვაზე, როგორ დაესწრება ის 30 ოქტომბერს სასამართლო პროცესს, კობაიძე გვპასუხობს, რომ იმ დროისთვის გორაძე ჩამოვა, ისე კი "მას აქვს უფლება არ გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე". ტაბულა დაუკავშირდა პროკურატურას, რათა გაერკვია, რატომ არ მოითხოვა ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესის დასრულებამდე გორაძესთვის პასპორტის ჩამორთმევა. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ვინ არის მინდია გორაძე იგივე "ლავას ოღლი ბათუმსკი"?

საიტზე primecrime.ru არსებობს მინდია გორაძის პროფილიც, სადაც ვკითხულობთ, რომ გორაძე კანონიერ ქურდად 2013 წელს აკურთხეს. ამავე საიტზე მითითებულია მისი კანონიერი ქურდობის დამადასტურებელი სხვა წყაროებიც, როგორიცაა ფოტოები და ვიდეოები.

ქვემოთ მოყვანილ სხვადასხვა დროს გადაღებულ ყველა ვიდეოში, გორაძეს ეკითხებიან, ხართ თუ არა კანონიერი ქურდი? ის კი პასუხობს: - "ქურდი ვარ".  

YouTube-ზე ამასთან შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოები, სადაც ე.წ ქურდულ "სხადნიაკზე" სხვა კანონიერ ქურდებთან ერთად მინდია გორაძეც არის. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტაბულას ტერასაზე დამწვარი ნაჭრებითა და პირსახოცებით სავსე ქვაბი ჩამოაგდეს

კომენტარები