ავსტრიის არჩევნები

რას ნიშნავს ავსტრიის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ქვეყნისა და ევროპისათვის?

კვირას ავსტრიაში ეროვნული საბჭოს არჩევნები ჩატარდა.ეროვნული საბჭო ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატას წარმოადგენს და კონსტიტუციის მიხედვით ზედა პალატაზე ანუ ფედერალურ საბჭოზე და პრეზიდენტზე მეტი უფლება-მოვალეობებით სარგებლობს.  

უკანასკნელი მონაცემებით ყველაზე მეტი ხმა (31,5%) ავსტრიის სახალხო პარტიამ დააგროვა და შესაბამისად კანცლერი მათი ლიდერი, 31 წლის სებასტიან კურცი გახდება. მეორე ადგილზე სოციალ დემოკრატები გავიდნენ (26,9%) ხოლო მესამეზე მემარჯვენე პოპულისტური თავისუფლების პარტია (26%). 4%-იანი ბარიერი კიდევ ორმა პარტიამ გადალახა: ლიბერალურმა ფორუმმა Neos (5,3%) და მწვანთა პარტიიდან გამოყოფილი პიტერ პილზის პარტიამ (4,4%). ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო მწვანეთა პარტიამ, რომლის კანდიდატი ალექსანდრ ვან დერ ბელენი 2016 წელს ავსტრიის პრეზიდენტი გახდა.

რატომ არის ავსტრიის არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი?

ავსტრიის არჩევნებმა აჩვენა, რომ დაყოფა ცენტრისტულ მემარჯვენე და უკიდურესად მემარჯვენე პარტიებს შორის ნელ-ნელა მცირდება, ვინაიდან აქტუალურობიდან გამომდინარე ცენტრისტული პარტიები იზიარებენ და მხოლოდ ნაწილობრივ არბილებენ უკიდურესად მემარჯვენეთა მესიჯებს მიგრაციის, ისლამის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

მიუხედავად იმისა, რომ ულტრა-მემარჯვენე პარტიები პირველ ადგილს ვერ იკავებენ, მათი პოპულარობა ევროპის პოლიტიკაზე გავლენას ახდენს. დანიაში და ბრიტანეთში კონსერვატიულმა პარტიებმა ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა მიგრაცია მემარჯვენეთა პოზიცია ნაწილობრივ გაიზიარეს, რაც ძირითადად წარმატებით დასრულდა.


ფოტო: AP

კურცის წარმატება ევროპის სხვა ცენტრისტული პარტიების გადახრასაც შეუწყობს ხელს რადგან მისმა კამპანიამ დაამტკიცა, რომ უკიდურესად მემარჯვენე პარტიების კარგად ნაცნობი პოლიტიკის შერბილება და ახალ სტრატეგიად შეფუთვა მომგებიანია.

"ჩვენ ვუყურებთ კურცს როგორც კონსერვატორების მოდელს გერმანიაში" განაცხადა ბავარიის ქრისტიან სოციალური კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა. "ის ევროპის დინამიკას შეცვლის." მას შემდეგ, რაც მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ ალტერნატივა გერმანიისათვის ბუნდესტაგის არჩევნებში 13 პროცენტი მოიპოვა, ქრისტიან დემოკრატიულმა პარტიამაც გადაწყვია მიგრაციასთან დაკავშირებით პოლიტიკა გაამკაცროს.

როგორც ვხედავთ მიგრანტთა კრიზისმა თითქმის ყველა ევროპული სახელმწიფოს არჩევნებზე მოახდინა გავლენა და მემარცხენე და ცენტრისტული პარტიების არაადეკვატურმა პასუხმა და დაბალმა მზაობამ ამომრჩევლისთვის ყველაზე მწვავე და აქტუალური პრობლემის წინააღმდეგ ეფექტური სამოქმედო გეგმა შეეთავაზებინათ ხელი შეუწყო მემარჯვენე სენტიმენტების ზრდას და პოპულისტური პარტიების პოპულარობას.

მაშინ, როდესაც 2000 წელს მემარჯვენე პოპულისტების მთავრობაში მოსვლამ დიდი შეშფოთება გამოიწვია, 2017 წელს მსგავსი პერსპექტივა გაკვირვებას აღარ იწვევს. ეს ხელს უწყობს მემარჯვენე პოპულისტური ელემენტების მთავრობაში ყოფნის ნორმალიზაციას და საბოლოო ჯამში ევროპის ლიბერალური პოლიტიკის გამკაცრებაზე აისახება. გარდა ამისა მსგავსი ნაციონალისტური სენტიმენტების მქონე პარტიები გაართულებენ თავად ევროპის შიგნით მოლაპარაკებებს, ვინაიდან მიუხედავად პოზიციების შერბილებისა ისინი კვლავ ევრო-სკეპტიკებად რჩებიან. საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი ევროკავშირის როგორც შიგნით, ასევე გარეთ თანამშრომლობის დონეზე უარყოფითად აისახება.

სამთავრობო ალიანსის ორივე პოტენციური წევრი, სახალხო პარტია და თავისუფლების პარტია იზიარებენ პოზიციას, რომ რუსეთზე დაკისრებული სანქციები უნდა შეუმსუბუქდეს და რომ აუცილებელია დიალოგის ახალი გზების გამონახვა.

მთავარი პარტიები

ავსტრიის სახალხო პარტია

ავსტრიის სახალხო პარტია ქრისტიან-დემოკრატიული კონსერვატიული პარტიაა. ის ავსტრიაში ქრისტიან სოციალისტური პარტიის მემკვიდრეა და იდეოლოგიის მიხედვით გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან ახლოს დგას. 2007 წლიდან მოყოლებული სახალხო პარტია სოციალ დემოკრატიული პარტიის სამთავრობო კოალიციის მცირე პარტნიორია, თუმცა უკანასკნელი არჩევნების შედეგები ამას შეცვლის, ვინაიდან ამჯერად პარტიამ პირველი ადგილი დაიკავა და ეროვნული საბჭოს კანცლერი მათი ახალი ლიდერი, სებასტიან კურცი გახდება.

კურცის  სახალხო პარტიაში მოღვაწეობა პარტიის ახალგაზრდული ფრთიდან დაიწყო, რომლის თავმჯდომარედაც ის 2009 წელს დაინიშნა. კურცს ხშირად ახსენებენ 2010 წლის ვენის საქალაქო საბჭოს არჩევნების კამპანიას, რომლის სლოგანიც იყო "შავი სექსუალურია" (შავი სახალხო პარტიის ფერია) და რომლის ფარგლებშიც კურცი ვენის ქუჩებში ჰამერით გოგონების თანხლებით გადაადგილდებოდა და პრეზერვატივებს არიგებდა.


ფოტო: JVP Wien

კურცმა პარტიის თავმჯდომარეობა მიმდინარე წლის მაისში ჩაიბარა. მისი თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ პარტიამ წესდების შეცვლასაც დაუჭირა მხარი, რითიც პარტიის ლიდერის ხელში მეტი ძალა აღმოჩნდა, მათ შორის  პარტიის პოლიტიკის შეცვლის, პარტიის მინისტრების დანიშვნის და არჩევნებში კანდიდატების დასახელების. კურცმა პარტიის ტრადიციული შავი ფერი ღია ფირუზისფრით შეცვალა.

კურცი 2013 წლიდან ევროპის ყველაზე ახალგაზრდა საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.


ფოტო: Kirill Kudryavtsev/AFP

2014 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისას კურცმა 30 კოლეგა მიიწვია, მათ შორის სერგეი ლავროვი და მისი უკრაინელი კოლეგა იმისათვის, რომ უკრაინის კრიზისის გადაჭრის გზების შესახებ მოლაპარაკება შემდგარიყო. მინისტრობის პერიოდში კურცი რუსეთისათვის სანქციების მოხსნას უჭრდა მხარს და ევროკავშირს რუსეთთან საერთო ენის გამონახვისაკენ მოუწოდებდა.

მიმდინარე წელის დასაწყისში კურცი რუსეთს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ეუთოს თავმჯდომარის სტატუსით ესტუმრა და სერგეი ლავროვთან სირიის, უკრაინისა და ყარაბაღის საკითხები განიხილა.

კურცი ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკასაც აკრიტიკებდა და მისი წინასაარჩევნო კამპანიაც ამ თემაზე იყო კონცენტრირებული.

2015 წლის მიგრანტთა კრიზისის პირობებში კურცმა ევროკავშირს საზღვრების უფრო ეფექტური კონტროლისაკენ მოუწოდა და წარმოადგინა 50 პუნქტიანი გეგმა, რომელიც მიგრანტების ინტეგრაციას შეეხებოდა და სპეციალურ ფოკუსს ენაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე და ღირებულებებზე აკეთებდა.

2015 წელსვე მან წარმოადგინა ე.წ. "ისლამის კანონი" რომელიც მეჩეთების ქვეყნის გარედან დაფინანსებას, იამამებისათვის ხელფასების გადახდა და ყურანის ვერსიების რეგულაციას გულისხმობდა. კანონის მიზანი ავსტრიაში რადიკალური ისლამის გავლენის გავრცელებისათვის ხელის შეშლა იყო.

კამპანიის დროს კურცმა განაცხადა, რომ ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტები უკან, აფრიკაში უნდა დააბრუნონ. მისი წინასაარჩევნო დაპირებები ერთნაირსქსეიანთა ქორწინების აკრძალვას და ბიუროკრატიისა და გადასახადების შემცირებასაც მოიცავდა.

ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია

ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია მაჟამად ყველაზე დიდი პარტიაა ეროვნულ საბჭოში, თუმცა სიტუაცია მალე შეიცვლება და პარტია მეორე ძალის სტატუსს დასჯერდება. მათი ლიდერი კრისტიან კერნი კანცლერი 2016 წლის მაისში გახდა.


ფოტო: Die Presse/Clemens Fabry

პარტიის დაბალი მაჩვენებელი იმ ტენდენციის ნაწილია, რის გამოც სოციალ-დემოკრატიული პარტიები პოპულარობას კარგავენ. მაგალითად გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია,  რომელმაც ბუნდესტაგში 1949 წლის შემდეგ ყველაზე ნაკლები ადგილი მოიპოვა. მიზეზად პარტიების სოციალურ საკითხებზე კონცენტრაცია მოიაზრება, რაც მიგრანტთა კრიზისის შემდეგ აქტუალობას კარგავს. რაც შეეხება მიგრაციას, ამ საკითხზე სოციალ-დემოკრატებს ერთიანი პოზიცია და ეფექტური გადაჭრის მექანიზმი არ გააჩნიათ, რაც საბოლოო ჯამში მათი პოპულარობის კლებაზე აისახება.

თავისუფლების პარტია

ნაციონალ პოპულისტური პარტია, რომლის პირველი ლიდერი ყოფილი SS-ის ოფიცერი იყო. 1999 წლის არჩევნებში პარტიამ 26,9% მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა, რაც მისი ყველაზე კარგი მაჩვენებელია. მან ავსტრიის სახალხო პარტიას ოდნავ გაასწრო და მათთან ერთად სამთავრობო კოალიცია ჩამოაყალიბა რასაც დიდი კრიტიკა და ევროკავშირის მხრიდან დიპლომატიური სანქციები მოჰყვა.

ისრაელმა ელჩი გაიწვია და განაცხადა, რომ პარტიის ლიდერს, იერგ ჰაიდერს საკუთარ ქვეყანაში არ მიიღებდა. ევროპულმა პარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა მზად ყოფილიყო ავსტრიის წევრობის შესაჩერებლად, თუ ის ევროკავშირის პრინციპებს დაარღვევდა. დიპლომატიური სანქციები რამდენიმე თვეში მოხსნეს.

2002 წლის არჩევნებში პარტიის მხარდაჭერამ მკვეთრად იკლო, თუმცა ისინი მაინც დარჩნენ სამთავრობო კოალიციაში. 2005 წელს გაზრდილი შიდა დაპირისპირების პირობებში პარტიას ჰაიდერი და სხვა ლიდერები გამოეყვნენ და ალიანსი ავსტრიის მომავლისათვის შექმნეს, რომელმაც თავისუფლების პარტია როგორც სამთავრობო პარტნიორი ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია, რომ თავისუფლების პარტიის სამთავრობო კოალიციაში ყოფნას კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალები ახლდა.

ჰაინც-კრისტიან შტრახეს ლიდერობის პერიოდში პარტიამ კვლავ დაიბრუნა ხალხის მხარდაჭერა. ჰაინც-კრისტიან შტრახეს ავსტრიის პოლიტიკის ფრონტზე ყველაზე გამოცდილ ფიგურას უწოდებენ და პარტიის იმიჯის შერბილებას მიაწერენ. შტრახეს ვენის საბჭოს არჩევნებში გამოყენებულ სლოგანთაგან არის: "ვენა არ უნდა გახდეს სტამბოლი", "გერმანული "არ გვესმის"-ის ნაცვლად", "სამსახური იმიგრაციის ნაცვლად", და ა.შ.


ფოტო: AFP Photo/Joe Klamar

2013 წლის არჩევნებში პარტიამ ხმათა 20,5% მიიღო, ხოლო 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პარტიის წევრმა ნორბერტ ჰოფნერმა გაიმარჯვა, თუმცა მეორე ტურში მწვანეთა კანდიდატთან, ალექსანდერ ვან დერ ბელენთან დამარცხდა.

თავისუფლების პარტიას სურს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ჰოფნერი დაინიშნოს. იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წელს ევროკავშირის პრეზიდენტობა ავსტრიას უწევს საეჭვოა მსგავსი გადაწყვეტილება ორგანიზაციისათვის მისასალმებელი აღმოჩნდეს.

წინასაარჩევნო კამპანია

2015 წელს ავსტრიიდან გერმანიაში 900,000 მიგრანტი გადავიდა. 2015-2016 წლებში ქვეყანამ 130,000 მიგრანტი მიიღო, რაც მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, შესაბამისად ყველაზე აქტუალურ თემას მიგრაცია და ეროვნული უსაფრთხოება წარმოადგენდა.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის კამპანია ძირითადად უმუშევრობის შემცირებაზე და ეკონომიკურ ზრდაზე იყო კონცენტრირებული მაშინ, როდესაც კურცი ხალხს 2015 წლის მიგრანტების მსგავსი ტალღის თავიდან აცილებას ჰპირდებოდა. ORF-ის გამოკითხვების მიხედვით გამოკითხულთა 55%-მა სახალხო პარტიას სწორედ მიგრაციის და თავშესაფრის მინიჭების თაობაზე გაკეთებული დაპირებების გამო მისცა.

მიუხედავად იმისა, რომ კურცის სახალხო პარტია 1987 წლიდან მოყოლებული (კურცის 1986 წელსაა დაბადებული) სამთავრობო კოალიციის წევრია, კურცის მთელი კამპანია ცვლილებების დაპირებების გარშემო იყო აგებული. მან პარტიის ძირითადი წინასაარჩევნო თემატიკა მიგრაციის და უსაფრთხოების თემებზე ააგო და რადიკალი მემარჯვენეების პოპულისტური მესიჯები შეარბილა. შედეგად იმ ამომრჩეველთა მხარდაჭერა მოიგო, ვისაც მიგრაციისაგან გმაოწვეული პრობლემები აწუხებდა მაგრამ ხელისუფლების პოპულისტური პარტიებისათვის გადაცემა არ სურდა.

კურცმა საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში სახელი ბალკანეთიდან მომავალი მიგრაციისათვის გზების ჩაკეტვით გაითქვა. მისმა პარტიამ გაიტანა კანონები, რომლის მიხედვითაც საჯარო სივრცეებში ნიკაბის ტარება აიკრძალა. ანგელა მერკელისაგან განსხვავებით, რომელმაც უარი თქვა ანგარიში გაეწია მემარჯვენე პარტიების მოთხოვნებისათვის და შესაბამისად რეკორდულად დაბალი მაჩვენებლით შევიდა ბუნდესტაგში, კურცი ავსტრიელებს დაჰპირდა, რომ კიდევ უფრო შეამცირებდა მიგრაციას, მიგრანტების სოციალურ დახმარებას შეამცირებდა და რომ დახმარებას მხოლოდ ის მიგრანტები მიიღებდნენ, ვინც ქვეყანაში 5 წელი მაინც დაჰყვეს.

კურცმა ისეთი ცნობილი სახეების მხარდაჭერაც გამოიყენა, როგორიცაა ფორმულა ერთის ვარსკვლავი ნიკი ლაუდა, რომელიც კურცის მხარდამჭერი კომიტეტის წევრია.


ფოტო: Moni Fellner

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე აგორებულმა სკანდალმაც თავისი როლი ითამაშა. როგორც გაირკვა Facebook გვერდები, რომლებიც კურცის დაფოტოშოპებულ სურათებსა და ვიდეოებს ავრცელებდნენ, მის ანტი-სემიტად და სოროსის აგენტად წარმოჩენას ცდილობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ის საიდუმლოდ ცდილობდა ისლამური ქვეყნებიდან მიგრაციის ახალი ტალღებისათვის გზის გახსნას იმ აგენტის მიერ იყო განხორციელებული, რომელიც მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ პიარის კონსულტანტად დაიქირავა.

სავარაუდო კოალიციები


ფოტო: APA/ROBERT JAEGER

კურცის დაპირებებიდან გამომდინარე მისი პარტიის კვლავ სოციალ-დემოკრატებთან კოალიციაში შესვლა ამომრჩევლის იმედგაცრუებას გამოიწვევს, ვინაიდან 31 წლის ლიდერს მთელი კამპანია ცვლილებების აუცილებლობის გარშემო ჰქონდა აგებული. გერმანიის "იამაიკური" კოალიციის მსგავსი მთავრობა ავსტრიაში ვერ შედგება, რადგან ლიბერალებსა და მწვანეებთან ერთად სახალხო პარტია უმრავლესობას მაინც ვერ მოიპოვებს. შესაბამისად ყველაზე სავარაუდოდ რჩება კოალიცია მემარჯვენე პოპულისტებთან. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სახალხო პარტიას მათთან კოალიციის კარგი გამოცდილება არ აქვთ, ამჯერად არსებული პოლიტიკური კლიმატიდან გმაომდინარე საეჭვოა თავისუფლების პარტიის მთავრობაში მონაწილეობამ ისეთივე უარყოფითი რეაქცია დაიმსახუროს, როგორც 2000 წელს.

კურცმა თავი აარიდა იმის დაკონკრეტებას, ვისთან ურჩევნია კოალიცია. მან თქვა, რომ ნებისმიერი პარტნიორი პრო-ევროპული უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების პარტიას პრო-ევროპულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ უნდა აღინიშნოს, რომ მათ ევროკავშირისადმი მკაცრი რიტორიკა ნაწილობრივ შეარბილეს და ორგანიზაციიდან გამოსვლას აღარ მოითხოვენ. გარდა ამისა კურცის პარტია, ისევე როგორც თავისუფლების პარტია ეწინააღმდეგება ევროზონის უფრო ახლო ინტეგრაციის იდეას, განსაკუთრებით კი ისეთ ცვლილებებს, რომლებიც ძალის ცენტრალიზებას ბრიუსელში მოახდენს, მაგალითად ემანუელ მაკრონის იდეას შეიქმნას ბიუჯეტის და ფინანსების სამინისტრო ევროზონისათვის.
 

კომენტარები