ახალი კონსტიტუცია

კობახიძე: პრეზიდენტის დღევანდელი ბრიფინგის შინაარსი აბსოლუტურად გაუგებარი იყო

ირაკლი კობახიძე, გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება. ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი ბრიფინგის შინაარსი მისთვის გაუგებარი იყო. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტვ პირველის ეთერში გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.

„აბსოლუტურად გაუგებარი იყო ჩემთვის საქართველოს პრეზიდენტის მიერ დღეს მოწყობილი ბრიფინგის შინაარსი. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ვეტოს გადალახვის შემდეგ კონსტიტუციის ხელმოწერა მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხი იყო. პრეზიდენტს მარტივად რომ მოეწერა ხელი ვეტოს გადალახვის შემდეგ, ეს იქნებოდა აბსოლუტურად გასაგები მოვლენა, თუმცა ამას მიუძღვნა ბრიფინგი, რაც იყო აბსოლუტურად გაუგებარი. რეალურად ამ ბრიფინგის მიზანი  იყო არა კონსტიტუციაზე საუბარი, არამედ წინასაარჩევნო განცხადების გაკეთება.” - ამბობს კობახიძე. 

კობახიძის თქმითვე, დღეს პრეზიდენტმა ნეგატიურად შეაფასა ქართული ოცნება და მოსახლეობას მოუწოდა არჩევნებში აქტიურობისაკენ, კობახიძე ვარაუდობს, რომ მარგველაშვილი ხალხს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. კობახიძის თქმით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხალხმა არა გიორგი მარგველაშვილი, არამედ ქართული ოცნება აირჩია. 

„სხვათა შორის, მან იგივე გააკეთა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, როდესაც ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო ნამდვილი ომი ნაციონალურ მოძრაობასთან. მაშინაც განაცხადა, რომ ხმას აძლევდა მრავალპარტიულ პარლამენტს და ეს იყო პირდაპირ მოწოდება ოპოზიციის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისკენ. მადლობა ღმერთს, რომ პრეზიდენტის ხმას არ ჰქონდა შესაბამისი წონა დასაბოლოო ჯამში ჩვენ მოვახერხეთ გამარჯვება და გაგრძელდა დემოკრატიული პროცესი. დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად არადემოკრატიული კონსტიტუცია მიიღო ქართულმა ოცნებამ და ამ ფონზე მან მოუწოდა ამომრჩეველს დემოკრატიის დაცვისა და საარჩევნო აქტიურობისკენ, ანუ იყო ნეგატიური შეფასება ქართული ოცნების და ამ ფონზე მოუწოდა მარგველაშვილმა საზოგადოებას აქტიურობისკენ. მე დაახლოებით მაქვს წარმოდგენა, ვინ არის მისი ფავორიტი, თუმცა როგორც 2016 წელს დამარცხდა გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნებში, ასევე დამარცხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც. სხვათა შორის, ის დამარცხდა 2013 წელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში, იმიტომ, რომ მაშინ ხალხმა აირჩია არა გიორგი მარგველაშვილი, არამედ ქართული ოცნება და ეს იყო მარგველაშვილის დამარცხება.“ - ამბობს კობახიძე.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა. ბრიფინგზე მან მოსახლეპბას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.  

ცნობისთვის, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო 9 ოქტომბერს დაადო. გიორგი მარგველაშვლის მოტივირებული შენიშვნები ბონუსის სისტემას და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვას ეხებოდა. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს. გარდა ამისა, პრეზიდენტისთვის მიუღებელია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული წესით ჩატარება და პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის გაუქმება ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში. 

13 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და ვეტო 117 ხმით დაძლია. 

კომენტარები