არჩევნები 2017

ჩუგოშვილი: ენმ-ის მხარდამჭერები უბნებზე დამკვირვებლის ყალბი ბეიჯებით არიან

parliament.ge

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, ქუთაისში ერთერთ საარჩენო უბანში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ყალბი ბეიჯებით არიან შესულები. ჩუგოშვილის თქმით ისინი შპს „პრესმედიას“ ბეიჯებით არიან ადგილზე, თუმცა გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ისინი ოფიციალურად დამკვირვებლად დარეგისტრირებული არ ჰყავს.

„არაერთ საარჩევნო უბანზე, მათ შორის მაგალითად ქუთაისის 59-ე ოლქის 125-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებიან პიროვნებები, რომლებიც წარმოდგენილი არიან ბეიჯებით და ფიქსირდება, რომ ისინი წარმოადგენენ შპს „პრესმედიას“, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბაზაში გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ეს პირები არ არიან ოფიციალურად როგორც დამკვირვებლები რეგისტრირებულები. შესაბამისად, ირკვევა რომ არიან წარმოდგენილები გაყალბებული მოწმობებით და ცდილობენ საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლას. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი ისინი არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები.“ - ამბობს ჩუგოშვილი.

ჩუგოშვილი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ წარმართონ დღევანდელი პროცესი მშვიდ და კანონიერ ვითარებაში. მან ამომრჩეველს აქტიურობისაკენ მოუწოდა.

„ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ წარვმართოთ დღევანდელი დღე და საარჩევნო პროცესი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დღევანდელმა დღემ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში, კანონის მოთხოვნების დაცვით და მინიმალური დარღვევებით. მნიშვნელოვანია, რომ უკანონოდ მყოფმა პირებმა დატოვონ საარჩევნო უბანი და სახელმწიფო უწყებებმა შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.“ - თქვა ჩუგოშვილმა.

ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე ორგანიზაცია "პრესს მედიის“ სახელით 10-მდე  წარმომადგენელი მივიდა, რომელთა აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული.

"ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ მოწმობები გაყალბებულია. მოვუწოდებთ არჩევნებში ყველა მხარეს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხევაში, იქნება შესაბამისი რეაგირება“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში, ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, დარეგისტრირებულია 3 440 123 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი.

კომენტარები