არჩევნები 2017

Isfed: დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი #22 მარნეულის საარჩევნო ოლქში ფიქსირდება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ცნობით, ამ ეტაპზე, მათმა დამკვირვებლებმა არსებითი ხასიათის დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილი #22 მარნეულის საარჩევნო ოლქში დააფიქსირეს. მათი ცნობით, განსაკუთრებით პრობლემატურია მარნეულის #31-ე, 18-ე, 51-ე, 74-ე, 42-ე საარჩევნო უბნები. ხარვეზები ფიქსირდება, ასევე, რუსთავის საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანზე.

"ტენდენციის სახე აქვს სამაგიდო საარჩევნო სიებიდან ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის ფაქტებს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფაქტები წარმოადგენს იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას, რაც წლების განმავლობაში ამომრჩევლების კონტროლსა და მათი პირადი მონაცემების სავარაუდოდ ზეწოლის მოხდენის მიზნით გამოყენებას იწვევდა. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, შეწყვიტონ მსგავსი პრაქტიკა, ხოლო, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას, საუბნო საარჩევნო კომისიებზე გასცენ შესაბამისი მითითებები, რათა გამოირიცხოს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე კონტროლისა და მათი პირადი მონაცემების უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობა" - ნათქვამია Isfed-ის განცხადებაში.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა საუბნო საარჩევნო კომისიებში 42, ხოლო საოლქო საარჩვნო კომისიებში 47 საჩივარი შეიტანეს. 

ISfed-ის ცნობით, დამკვირვებლებმა დააფიქსირეს შემდეგი სახის დარღვევები:

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კენჭისყრის კაბინის გარეთ შემოხაზა;
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე იმყოფება პირი, რომელსაც სადამკვირებლო მოწმობა აქვს, თუმცა, მისი ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან ხშირად ტოვებს უბანს და ამასთანავე უარს აცხადებს ვინაობის დაფიქსირებაზე. აღნიშნულმა პიროვნებამ ბიულეტენები საარჩევნო ყუთში რამოდენიმე ამომრჩევლის ნაცვლად მოათავსა, ამასთან, იგი ამომრჩევლებთან შედის საარჩევნო კაბინაში და მისი განმარტებით, „ამომრჩევლებს ხმის მიცემაში ეხმარება“.

მარკირების პროცედურის დარღვევა

  • მარკირების გარეშე კენჭისყრაში მონაწილეობა 4 საარჩევნო უბანზე მიიღო 6-მა ამომრჩეველმა, კერძოდ, 70 ფოთის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა);  #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა); #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე (3 შემთხვევა); #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა);
  • ამომრჩევლები კენჭისყრის შენობაში მარკირების შემოწმების გარეშე დაუშვეს 2 საარჩევნო უბანზე, კერძოდ, #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა); #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #84 საარჩევნო უბანზე (1 შემთხვევა);
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მარკირების შემდგომ დადგინდა, რომ ამომრჩეველი არ იყო ამ უბანზე რეგისტრირებული, რითაც ამომრჩეველს შეეზღუდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება;

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა/ზეწოლა დამკვირვებლებზე

  • ხულოს 84 საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბნის (ბეღლეთი) კომისიის წევრმა, ახმედ იაკობაძემ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელს სატელეფონო კომუნიკაციის გზით მოსთხოვა, ორგანიზაციის დამკვირვებელს „არ ამოეღო ხმა“ საარჩევნო უბანზე, ვინაიდან, მისი განცხადებით, მთელი სოფელი ერთ-ერთი კანდიდატის, მიხეილ შავაძის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) მხარდამჭერი იყო.
  • #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების უფლება მხოლოდ ოლქში საჩივრის დაწერის შემდეგ მიეცა;

კენჭისყრის პროცედურის დარღვევა

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები თვითნებურად ცვლიან ფუნქციებს, რაც არ აისახება ჩანაწერთა წიგნში;
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ვერ აკონტროლებს ამომრჩეველთა ნაკადს, რის შედეგადაც უბანზე იმყოფება ბევრი ამომრჩეველი;
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #18 საარჩევნო უბანზე ნაკადი მარეგულირებელი კომისიის წევრი სათანადოდ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას და ერთდროულად ბევრ ამომრჩეველს უშვებს უბანზე, რაც იწვევს ხმაურსა და არეულობას.

ბიულეტენების არასწორად გაცემა:

  • #20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს ორი პროპორციული ბიულეტენი გადასცა;  
  • #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #46 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ორი ერთი და იმავე სახის ბიულეტენი გადასცეს;
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #41 საარჩევნო უბანზე 2-ით ნაკლები მაჟორიტარული ბიულეტენია გაცემული;

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები