არჩევნები 2017

მეჭიაური: ჩვენი შტაბიდან წასულ NGO-ს წევრებს თავს დაესხნენ და მანქანა დაუწვეს

თამაზ მეჭიაური
ტაბულა

თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის ცნობით, "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენლებს ჟინვალის გზაზე მანქანა დაუწვეს. მეჭიაური facebook-ზე წერს, რომ დაზარალებულები საარჩევნო პროცესებს ესწრებოდნენ. მისივე თქმით, პოლიციას უკვე აცნობეს.

"ჩვენი შტაბიდან გასულმა არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენლებმა მახარე სისაურმა და რამაზ ღვალაძემ, რომლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო პროცესებს, გვაცნობეს, რომ მათ ჟინვალის გზაზე თავს დაესხნენ და დაუწვეს მანქანა... პოლიციას შევატყობინეთ... ტერორი დაიწყო?" - წერს მეჭიაური.

ტაბულას შსს-სთან დაკავშირებას ცდილობს. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის, ცესკოს მონაცემებით, თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური არჩევნებს აგებს. მას ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა 5 ხმით მას შემდეგ გადაუსწრო, რაც ბათილი ბიულეტენები ვალიდურად ცნეს. იქამდე, თამაზ მეჭიაური 1 ხმით იგებდა. ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი შედეგების გასაჩივრებას აპირებს. ის და მისი მხარდამჭერები ცესკოს მონაცემებს აპროტესტებენ.

კომენტარები