ჩინეთი

სი ძინპინის იდეები ჩინეთის კონსტიტუციაში შეიტანეს და მაო ძედუნს გაუთანაბრეს

Reuters

ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ პრეზიდენტ სი ძინპინის სახელი და იდეოლოგია ქვეყნის კონსტიტუციაში შეიტანა და ამით ის მაო ძედუნის დონემდე აიყვანა.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონგრესის დასასრულს "სი ძინპინის იდეების" კონსტიტუციაში შეტანას უყარეს კენჭი, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან სი ძინპინის იდეებში ეჭვის შეტანა კომუნისტური პარტიის მმართველობაში ეჭვის შეტანას გაუტოლდება.

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სი ძინპინმა ყრილობის 2,200 დელეგატს მიმართა.

"დღეს ჩვენ, 1,3 მილიარდზე მეტი ჩინელი ადამიანი, ვცოვრობთ ლხენასა და კეთილშობილებაში. ჩვენი მიწა ასხივებს უზარმაზარ დინამიზმს. ჩვენი ჩინური ცივილიზაცია ანათებს მტკიცე ბრწყინვალებით და მომხიბვლელობით. ჩვენი პარტია აჩვენებს ძლიერ და მტკიცე მმართველობას." თქვა მან.

სი ძინპინი 2012 წლის ნოემბრიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური მდივანი და 2013 წლის მარტიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი და ჩინეთის ცენტრალური სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეა.

მაო ძედუნის გარდა არც ერთი ლიდერის იდეები მის სიცოცხლეშივე კონსტიტუციის ნაწილად არ უქცევიათ. ყოფილი პრეზიდენტის, დენ სიაოპინის იდეები კონსტიტუციის ნაწილი მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გახდა.

სი ძინპინის იდეებს დღეიდან სკოლის და უნივერსიტეტის მოსწავლეები, სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლები და კომუნისტური პარტიის 90 მილიონი წევრი ისწავლის.

კომენტარები