ესპანეთი

ესპანეთის პრემიერმინისტრმა კატალონიის მთავრობა დაითხოვა

Reuters

ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის ავტონომიის მთავრობისა და პარლამენტის სრული შემადგენლობა დაითხოვა. რახოიმ ეს გადაწყვეტილება სენატის მიერ კატალონიისთვის ავტონომიის სტატუსის შეჩერების შემდგომ მიიღო. "ამ ნაბიჯით კატალონიაში სტაბილურობა აღდგება",- განაცხადა რახოიმ.

დღეს კატალონიის ავტონომიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც მალევე ესპანეთის მიერ კონსტიტუციის იმ მუხლის ამოქმედება მოჰყვა, რომელიც ესპანეთს ავტონომიის დროებითი შეჩერების და იქ სრული კონტროლის დამყარების საშუალებას აძლევს. ქვეყნის კონსტიტუციის 155-ე მუხლი დღეს პირველად გამოიყენეს. 

მარიანო რახოის მიერ კატალონიის მთავრობის გათავისუფლებას ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოყვება, რომელიც 21 დეკემბერსაა დაგეგმილი.

ესპანეთის მთავარი პროკურატურა ახლა მსჯელობს დაიწყოს თუ არა გამოძიება კატალონიელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი შესაძლო დანაშაულებისთვის.

ესპანეთში კრიზისი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ესპანეთის მთლიანობას სრულად უჭერს მხარს. 

კომენტარები