დაკავებისას გარდაცვლილი მამაკაცი

შს მინისტრის მოადგილე: იმის თქმა, რომ კამერების ჩანაწერები არ არსებობს, ტყუილია

ტაბულა

"მაგის თქმა, რომ კამერების ჩანაწერები არ არსებობს ტყუილია" - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ნუცუბიძის პლატოზე დაკავებისას მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება. ხუციშვილის თქმით, ჩანაწერებში არის პირის ცუდად გახდომის მომენტი, უბრალოდ არ არის დაკავების მომენტი.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იმ ჩანაწერებში არის ცუდად გახდომის მომენტი, უბრალოდ არ არის დაკავების მომენტი. რაც შეეხება ჩანაწერების გასაჯაროებას ან სხვა ინფორმაციას, ეს გამოძიების საქმეა და შესაბამისად, როდესაც გამოძიება გადაწყვეტს, მაგის მიხედვით იქნება. კამერების ჩანაწერები არსებობს და მაგის თქმა, რომ კამერების ჩანაწერები არ არსებობს ტყუილია. მეორე, მივაწოდეთ ჩვენ კამერების ჩანაწერები, შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ჩვენ თვითონ ვართ დაინტერესებული მაქსიმალურად, რომ ამ საქმეზე რაც შეიძლება მალე და ობიექტური ჭეშმარიტება დადგეს გამოძიების შედეგად,“ - ამბობს მინისტრის მოადგილე. 

აღსანიშნავია, რომ საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით გუშინ პტოკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ მამაკაცის გარდაცვალების მომენტი არცერთ კამერაზე დაფიქსირებული არ არის. უწყების ინფორმაციით, ორი პარტულ-ინსპექტორის სამხრე კამრებიდან, დაკავების პროცესი არცერთ კამერას აქვს დაფიქსირებული. პროკურატურის ინფორმაციითვე, ინსპექტორების გამოკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ დაკავების დროს ერთს კამერა გამორთული ჰქონდა, მეორეს კი მანქანაში ჰქონდა დასატენად. პროკურატურის ინფორმაციითვე, გარე პერიმეტრზე ერთადერთი კამერა აღმჩნდა, თუმცა კამერის გადაღების არეალში ის ადგილი არ ხვდება, სადაც ინციდენტი მოხდა. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ინციდენტის ადგილი ვერც პატრულის ავტომანქანაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერის ობიექტივში მოხვდა. 

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე, მამაკაცი მაშინ გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცავები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. 

კომენტარები