POG: ზღვაში დაკარგული სამხედროს სახელით, მისი ოჯახისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შავ ზღვაში წვრთნებისას დაკარგული სამხედრო მოსამსახურის გიორგი ნანეტაშვილის ოჯახის წევრებისთვის დაკარგულის სახელითვე ფულის გამოძალვას ცდილობდნენ. უწყების ცნობით, "დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, გიორგი ნანეტაშვილის ოჯახის წევრებს, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 4-ჯერ გაუგზავნეს წერილი, რომლითაც თითქოსდა გიორგი ნანეტაშვილი ითხოვდა თანხის - 39 000 აშშ დოლარის ჩარიცხვას საბანკო ანგარიშზე, რომელიც ეკუთვნის ერთ-ერთ ბრალდებულს. გარდა ამისა, ერთ-ერთი ბრალდებული უშუალოდ შეხვდა ნანეტაშვილის დედას და არწმუნებდა, რომ ყველაფერი იყო კარგად და თანხა უნდა ჩაერიცხა მითითებულ ანგარიშზე".

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების პროცესში ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც, თაღლითობის მცდელობისთვის სამი პირი დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული და საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში გაუჩინარებული სამხედროების ოჯახებისთვის თაღლითური ჯგუფი მოტყუებით ფულის გამოძალვას ცდილობდა, თავდაპირველად, სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 16 აგვისტოს, გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი გაუჩინარდნენ. სამხედროების პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

კომენტარები