ინფლაცია

პროდუქტები და მომსახურება, რომლის ფასებიც ყველაზე მეტად არის გაზრდილი

Reuters

საქსტატმა ოქტომბრის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც წინა წელთან შედარებით სამომხმარებლო კალათის ღირებულება 6.4%-ით არის გაზრდილი. ანგარიშის მიხედვით ყველაზე მეტად - 17.6%-ით ფასები ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფზეა გაზრდილი, რაც მთავრობის მიერ აქციზის გაძვირებას უკავშირდება.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,4 პროცენტით, რაც 2,21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (28,4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13,7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11,7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7,6 პროცენტი).

ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 14,7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,83 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (19,4 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (12,7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (5,1 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 17,6 პროცენტით, რაც 1,13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (37,8 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,2 პროცენტი).

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 5,8 პროცენტით, რაც 0,5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (10,7 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (6,2 პროცენტი).

კომენტარები